დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ხარაგაულის ავტოსადგურიდან მიკროავტობუსები ყველა დადგენილი მარშრუტით გავიდა.

დღემდე არსებული განრიგით გავიდნენ ხარაგაულიდან მიკროავტობუსები ზესტაფონის, ტყიბულის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებებით.

მოსახლეობას აინტერესებს და განვმარტავთ, რომ ხარაგაული-ზესტაფონი, ჩვეულებრივად, ლაშისა და ძირულას გავლით მოძრაობს.

ხარაგაულის სს „ავტოტრანსის“ დირექტორი დავით ხარაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას აუცილებელია პირბადის გამოყენება, როგორც მგზავრების, ასევე მძღოლის მხრიდან. მძღოლს მხოლოდ იმდენი მგზავრის გადაყვანის უფლება აქვს, რამდენიც ავტომანქანის პასპორტითაა გათვალისწინებული.

„ხარაგაულში სამგზავრო ტრანსპორტი იგივე განრიგით მოძრაობს, როგორც პანდემიამდე იყო. ჯერჯერობით, ფარც მგზავრობის ღირებულება შეცვლილა. თუმცა, გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის ავტოსადგური მგზავრობის ღირებულების გაზრდას აპირებს“, – ამბობს დავით ხარაძე.

„ამ დილით მგზავრი არ დამემორჩილა და პირბადე არ გამოიყენა. ვუთხარი, რომ მასაც დააჯარიმებდნენ და მეც, მაგრამ პირბადე მაინც არ გაიკეთა, არც მანქანიდან ჩავიდა. ასეთ შემთხვევაში რა ვქნა, ჩხუბს ხომ არ დავუწყებ? “- კითხულობს ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის მიკროავრობუსის მძღოლი ბექა ლევიძე.

ქუთაისი-ხარაგაული-ქუთაისის მიკროავტობუსის მძღოლი სერგო გოგიბერიძე ამბობს, ყველა იმ წესებს ითვალისწინებს, რასაც ტელევიზიით გადმოსცემენ.

„ჯერჯერობით, მგზავრობის ღირებულებაც იგივეა. თუმცა ტარიფის ცვლილება ქუთაისის ავტოსადგურზეა დამოკიდებული. მგზავრთა რაოდენობის მხრივ პრობლემა არ შემქნია, რამდენიმე მგზავრით ამოვედი ქუთაისიდან“, – ამბობს სერგო გოგიბერიძე.

საქალაქთაშორისო მარშრუტების მოძრაობის აღდგენით კმაყოფილია მგზავრი ელვირა პაკელიანი.

„მესმის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჩვენივე უსაფრთხოებისთვის შეიზღუდა. მიხარია, რომ მოძრაობა განახლდა. მგზავრობის დროს პირბადეს აუცილებლად გამოვიყენებ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ძალიან სჭირდებოდა“, – ამბობს ელვირა პაკელიანი.