– მოქალაქეებს სამედიცინო სამშრიანი ნიღბების ტარება არ მოეთხოვებათ. თუმცა, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნიღბების გამოყენება აუცილებელი და მნიშვნელოვანია, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

მართალია, პირბადის ტარება დისკომფორტს წარმოადგენს, მაგრამ როცა დაავადება წვეთოვანი გადაცემის გზის ვრცელდება, ნიღბის გარეშე მაღალი რისკია. ლაბორატორიის მუშაკებს, ქირურგებს საათობით უკეთიათ ხოლმე ნიღაბი ოპერაციის დროს“.

პაატა იმნაძის განმარტებით, დაინფიცირების რისკი უფრო მცირდება, თუ ორივეს, – ინფიცირებულსა და რისკფაქტორის წარმომადგენელს ნიღაბი უკეთია.

– თუ ორივეს უკეთია, გადადების რისკი ძალიან დაბალია. თუ ნიღბიანები დისტანციასაც დაიცავენ, მაშინ ეს კიდევ უფრო ძალიან კარგი იქნება. ყველაფერი, რაც კეთდება, იმისთვის არის, რომ ინფექცია არ გავრცელდეს.  მართალია, ეს ჩვენს დისკომფორტთანაა დაკავშირებული, მაგრამ სანამ გარანტია არ გვექნება, სტაბიულურობაზე ვერ ვისაუბრებთ“.

მისი თქმით, შესაძლოა, დაავადება საერთოდაც უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, რაც კიდევ უფრო ზრდის სხვა ადამიანების დაინფიცირების რისკს.