კორონავირუსის პანდემიის გამო ბიზნესისთვის დაწესებული შეღავათები ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვა.
ამის გამო ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივი ბიუჯეტების სეკვესტრი მოითხოვა.
ადგილობრივი ბიუჯეტები ქონების გადასახადით, ჯარიმებითა და დამატებითი ღირებულების გადასახადით, მესამე თვეა, ვეღარ ივსება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, რომ ბიუჯეტი 1 476 900 ლარით უნდა შეემცირებინათ.
„ეს ჩვენთვის ხელ-ფეხის შეკვრას ნიშნავდა, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო მაღლაკელიძე, – ბევრი პროგრამის განხორციელებაზე ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. ფინანსთა სამინისტროს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ხარაგაულის ბიუჯეტს 406 500 ლარით შევამცირებთ. ეს საკითხი გადაწყვეტის პროცესშია და სამინისტროსგან პასუხს ველოდებით“.
ნინო მაღლაკელიძე ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას კატეგორიულად ითხოვს.
„საკრებულოში ადმინისტრაციული ხარჯები მინიმალურია და ამიტომ არ შეიცვლება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ექვსი ვაკანსიის გამო ხელფასები დაიზოგა. მერისთვის 43 ათას ლარი ღირებულების ავტომანქანის შეძენა იყო განსაზღვრული. ამ ავტომანქანას ვეღარ შევიძენთ. 10 ათასი ლარი მოაკლდა მერის წარმომადგენლობით ხარჯს“, – ამბობს ნინო მაღლაკელიძე.
ცვლილებებია მერიისგან დაფუძნებული ააიპ-ების ბიუჯეტებშიც. ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ აპრილიდან სექტემბრამდე გასამართი ღონისძიებების, მივლინებისა და ტრანსპორტირების ხარჯები შეამცირეს. სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით კი ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხარჯები დაიტოვეს.
იმის გამო, რომ მარტიდან სექტემბრამდე ყველა კონკურსი და ღონისძიება გაუქმდა, ამ აქტივობებისთვის დაგეგმილი 1 500 ლარი აუთვისებელი აქვს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს. ამიტომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 500 ლარით ნაკლებ სუბსიდიას მიიღებს. ღონისძიებების გაუქმების გამო 3 000 ლარით შემცირდება ხარაგაულის სამუსიკო სკოლის ბიუჯეტი.
30 ათასი ლარით შემცირდა 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯები კულტურისა და ხელოვნების ცენტრში. ამ ორგანიზაციის ბუღალტერი ნათია მესხი ამბობს, რომ „ქამრები მაქსიმალურად შემოიჭირეს“.
ხარჯების შემცირების გამო წელს ვეღარ გარემონტდება ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიელის“ სარეპეტიციო დარბაზი. იმის გამო, რომ კულტურული ღონისძიებების გამართვა აკრძალულია, შემცირდა ტრანსპორტირებისა და მივლინების ხარჯები.
ფინანსთა სამინისტროსგან მოთხოვნილი სეკვესტრის გამო, 60 ათასი ლარით შეამცირა ბიუჯეტი ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ. ამ გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ეს თანხა მაისსა და ივნისში აღსაზრდელთა კვების, ელექტროენერგიისა და სხვა ხარჯებიდან დაიზოგა.
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 2020 წელს 50 ათასი ლარი დაგეგმა. ეს თანხა გედსამანიაში საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილი ოთახების რემონტის, ღორეშაში მეორე ჯგუფის გახსნისა და ხარაგაულში #2 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისთვის განისაზღვრა.
მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ, სამშენებლო მასალების გაძვირების პირობებში, 50 ათასი ლარით მხოლოდ გედსამანიისა და ღორეშის საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შეძლებენ. მომავალ კვირაში ამ ორ ბაღში სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდება.
ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში გაზიფიცირებისთვის პროექტი მზადდება. ერთ კვირაში გაირკვევა, რა თანხაა საჭირო შენობაში ბუნებრივი აირის ცენტრალური გათბობის დასამონტაჟებლად.
კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებულ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის, მივლინების, ტრანსპორტირების ხარჯებიდან 40 ათასი ლარი დაეზოგა ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს.
ხარჯების შემცირება არ შეეხო ააიპ „სათნოების სახლს“ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.
მერიისგან დაფუძნებული ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის ცენტრის“ ბიუჯეტის სეკვესტრით არ დავინტერესებულვართ, რადგან ამ ააიპ-ის საქმიანობა ნაწილობრივ მერიის სამსახურების ფუნქციებთანაა დუბლირებული, ხოლო საინფორმაციო მომსახურება – მუნიპალიტეტისგან ტენდერით შესასყიდი.
დათანხმდება თუ არა ფინანსთა სამინისტრო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წინადადებას ხარჯების 406 500 ლარით შემცირებაზე, მომავალ კვირაში გაირკვევა.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი