სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) ახალ პროექტს – დემოკრატია და ადამიანის უფლებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში“ ახორციელებს.

პროექტი, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლის 30 ნოემბრამდე გრძელდება.

ახალი კორონავირუსის – Covid-19 გავრცელების კვალდაკვალ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, თუ მის მიღმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა ზომებმა არაერთი სამართლებრივი პრობლემა გამოავლინა.

გამოიკვეთა როგორც არსებული კანონმდებლობის ხარვეზები, ასევე საჯარო და კერძო ინტერესებს შორის კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ბალანსის დაცვის სირთულე, რამაც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის საფრთხე გაზარდა.

პროექტის „დემოკრატია და ადამიანის უფლებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში“ მიზანია პანდემიის ფარგლებში არსებული საგანგებო მდგომარეობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის ხელშეწყობა და ამ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან უფლებაშელახულ პირთა მხარდაჭერა.

ამ პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ მიღებულმა ზომებმა შეზღუდეს მათი უფლებები და თავისუფლებები.

სამართლებრივი დახმარება მოიცავს როგორც კონსულტაციას, ისე წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში.

უფასო იურიდიული დახმარების მიზნით ადამიანის უფლებათა ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონით – 032 2 38 46 48,
ელფოსტა: hridc@hridc.org

წყარო