გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 2 ივნისიდან 8 ივნისამდე, საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეული“ მიმდინარეობს.
COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღონისძიებები მხოლოდ სოციალური და ტრადიციული (ტელევიზია და რადიო) მედია საშუალებებით ხორციელდება.
წელს, როგორც კამპანიის, ასევე გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარ თემას წარმოადგენს ბიომრავალფეროვნება და მისი მნიშვნელობა გარემოსთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
კამპანია ხაზს უსვამს თითოეული ადამიანის როლს გარემოს დაცვის საკითხში. კამპანიის ფარგლებში შემუშავებულია 52 რჩევა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები შეუძლია გადადგას თითოეულმა ადამიანმა მთელი წლის განმავლობაში გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილის შესატანად.
გარდა ამისა, კამპანია გაგაცნობთ ცალკეულ ეკო-ფაქტებს და ინფორმაციას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი იმ ინიციატივების შესახებ, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ბუნების, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების დასაცავად.
https://www.youtube.com/watch?v=ppMfF1Rm7uY&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=Wgxi__nryt4
„დღეს ჩვენ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ. „მწვანე შეთანხმებისა“ და სხვა ინიციატივების საშუალებით, ევროკავშირმა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა უმთავრეს პრიორიტეტად აქცია, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზნის, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევის გზა.
საქართველოში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებების წყალობით, გარემოზე ზრუნვა წლიდან წლამდე უფრო პრიორიტეტული ხდება.
COVID-19-მა ყველას შეუქმნა სირთულე და ახლა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სწრაფი სოციალური და ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერისკენ. ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ფინანსური ინსტიტუტები („ევროპის გუნდი“) საქართველოს მხარში დაუდგებიან ამ პროცესში.
ყველა კრიზისს ახალი შესაძლებლობა მოაქვს და მომავალი აღდგენის პერიოდიც გვაძლევს შანსს, რომ საქართველო უფრო „მწვანე“, ჯანმრთელი და მდგრადი ქვეყანა გახდეს. შეგიძლიათ ამ წამოწყებაშიც იქონიოთ ევროკავშირის იმედი, იმედი იმისა, რომ ერთად მივმართავთ ძალისხმევას გვქონდეს უფრო სუფთა ჰაერი და წყლის რესურსი, შესაძლებელი იყოს ნარჩენების უკეთესად მართვა, იყოს მეტი ენერგოეფექტურობა და უკეთ დაცული ბიომრავალფეროვნება.
გარემოს დაცვაზე თუ ვისაუბრებთ, მთავარ „დაინტერესებულ პირებს“ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა წარმოადგენს. ახალგაზრდა თაობა კი არ უნდა იყოს ჩვეულებრივი მაყურებლისა თუ სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პასიური მსმენელის როლში.
მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, მოგიწოდოთ გახდეთ აუცილებელი ცვლილებების მომტანი მამოძრავებელი ძალა და მისაბაძი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს მდგრადი ცხოვრების წესი. ჩვენ გვჭირდება თქვენი ჩართულობა უფრო მდგრადი და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის მქონე საქართველოსთვის!“ – ამბობს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
„გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა გარემოს დამცველებისთვის, რადგან გარემოს დასაცავად მთელ მსოფლიოს აერთიანებს. წელს მსოფლიო განსაკუთრებულ ყურადღებას ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ამახვილებს, რადგან ბიომრავალფეროვნება ეკოსისტემების მდგრადობას უზრუნველყოფს და სასიცოცხლო როლს ასრულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების წარმოქმნასა და განვითარებაში.
ბიომრავალფეროვნების დასაცავად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა ყველა სექტორის ჩართულობით. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, შევუნარჩუნოთ უნიკალური გარემო მომავალ თაობებს“ – ამბობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყველაზე ცნობილი გარემოსდაცვითი თარიღია. 1974 წლიდან ეს დღე ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება. ის აერთიანებს ხელისუფლების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, ცნობილ ადამიანებსა და მოქალაქეებს, გადაუდებელი გარემოსდაცვითი საკითხების გადასაჭრელად.
https://www.youtube.com/watch?v=Bzm1CWMwbNA&feature=youtu.be