კორონავირუსის პანდემიის გამო სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებზე დახმარებების გაცემა მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის, ბონდო კიკნაველიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, 2 ივნისის მდგომარეობით ხარაგაულში საწვავზე ფასდაკლების 473 ტალონია გაცემული (ჯამში 11 ტონა საწვავისთვის).

მათ, ვისაც მიწა ჯერ კიდევ არ აქვს დარეგისტრირებული, ამ ეტაპზე, ვერც საწვავის ტალონს და ვერც აგრობარათს ვერ მიიღებენ. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები დროულად დაირეგისტრირონ.

აგრობარათები ლიბერთი ბანკში გაიცემა. ბარათზე დარიცხული ქულებისა და ბანკში მისვლის თარიღის გაგება წინასწარ, ლიბერთი ბანკის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ლიბერთი ბანკის ხარაგაულის ფილიალიდან მოპოვებული ინფორმაციით, რამდენმა ფერმერმა მიიღო ხარაგაულში აგრობარათი, ჯერ არ აღურიცხავთ.

ხარაგაულელებს საწვავის მიღება სოკარის ავტოგასამართ სადგურზე შეუძლიათ, ხოლო აგრობარათით სარგებლობა – ი/მ „გიორგი ტაბატაძესთან“.

თუ ერთი მიწის ნაკვეთს რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ საჯარო რეესტრს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიაკითხონ და ყველა მესაკუთრის პირადობის მოწმობა უნდა წარადგინონ. ამონაწერის განახლებისა და თანამესაკუთრეთა დაზუსტების შემდეგ ყველა მათგანის თანხმობაა საჭირო, თუ ვის გადაეცეს საწვავზე ფასდაკლების ტალონი და აგრობარათი.

ყველა ბენეფიციარმა, ვინც უკვე მიიღო ნებისმიერ ოდენობის ფასდაკლების ბარათი ან მიიღებს 1 ივლისამდე, აუცილებლად, 1 ივლისამდე უნდა შეიძინოს 50 ლიტრი დიზელის საწვავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბენეფიციარები 50 ლიტრ დიზელზე ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მეორე ეტაპზე ბენეფიციარები 1 სექტემბრამდე შეძლებენ არაუმეტეს 300 ლიტრის, ხოლო მესამე ეტაპზე, 1 სექტემბრიდან, დარჩენილი ოდენობის შეძენას ფასდაკლების ბარათებით.

ნინო კაპანაძე