ხარაგაულში დაფუძნებულ ისტორიკოსთა საზოგადოებაში „კლიო“ გაერთიანდნენ ხარაგაულელი ისტორიკოსები, ისტორიის პედაგოგები, ისტორიით დაინტერესებული პირები.

ისტორიკოსთა საზოგადოების მიზანია ახალგაზრდა თაობას უკეთ შეასწავლოს საქართველოს ისტორია, გააძლიეროს ქრისტიანული, ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება, უკეთ შეასწავლოს მსოფლიო ისტორია და დააინტერესოს სამხარეო ისტორიით.

საზოგადოებამ შეიმუშავა წესდება და უახლოეს ხანში მოხდება საზოგადოების ოფიციალური დარეგისტრირება. ისტორიკოსთა საზოგადოება გეგმავს სამეცნიერო კონფერენციებს, დისპუტებს, დებატებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის ისტორიით დაინტერესებული მოსწავლე. საზოგადოება „კლიოს“ სურვილი აქვს დააფუძნოს საზაფხულო სკოლა და ამ სკოლაში გაძლიერებულად ასწავლოს სამხარეო ისტორია. ამ მიზნით ისტორიკოსთა საზოგადოება „კლიომ“ გადაწყვიტა გამოსცეს ხარაგაულის ისტორიის სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემული იქნება ზოგადი ისტორია უძველესი დროიდან 21-ე საუკუნის 10-იანი წლების ჩათვლით და ცალკეული სოფლის ისტორია. წიგნს გამოსცემს ავტორთა კოლექტივი. ყველა პედაგოგს ეძლევა შესაძლებლობა მოიკვლიოს და წარმოაჩინოს თავისი სოფლის, კუთხის ისტორია. წიგნში დაცული იქნება ყველას საავტორო უფლება. შექმნილია რედკოლეგია. შემუშავებულია მომავალი წიგნის პროექტი.

საზოგადოება „კლიოს“ მორიგი სამუშაო სხდომა დაგეგმილია 10 სექტემბერს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

ჩვენ დახმარებას გვიწევს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. უახლოეს ხანში წიგნის პროექტი წარსდგება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე. იმედი გვაქვს გამგეობის თანადგომისა და მხარდაჭერისა.

ისტორიკოსთა საზოგადოების სახელით

ზეინაბ ბუაჩიძე