ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საკვები პროდუქტებით მოვაჭრე ობიექტები უჩვეულო ვითარებაში აღმოჩნდნენ. ზოგიერთ მაღაზიაში მომხმარებელთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა, ზოგან კი პირიქით, – პროდუქციისა და მომხმარებლების დეფიციტი შეიქმნა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას ტრანსპორტით გადაადგილებაც კი შეზღუდული ჰქონდა. რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩდნენ სოფლის საკვები პროდუქტებით მოვაჭრე ობიექტების მფლობელები და რა გავლენა იქონია მათზე ეკონომიკურმა ცვლილებამ, – ამაზე ისინი თავად საუბრობენ.
4 წელია, რაც თაბაგარების ოჯახს სოფელ ღარიხევში საკვები პროდუქტების მაღაზია აქვს. მოსახლეობას პურის ფქვილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, პირველადი საჭიროების ნივთებითა და ჰიგიენური საშუალებებით ამარაგებენ. როგორც მერაბ თაბაგარის მეუღლე ნანა რეხვიაშვილი იხსენებს, თავდაპირველად, როცა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, მომხმარებლების რაოდენობამ მაქსიმალურად იკლო. მაღაზიაში აღარავინ შემოდიოდა.
თუმცა მარტის ბოლოდან, როცა სოფლები ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანებით შეივსო, ვითარება მკვეთრად შეიცვალა.
– თავიდან ისე გაგვიჭირდა, რომ ადამიანების დანახვაც კი გვენატრებოდა. მოსახლეობა დიდ ჰიპერმარკეტებში დადიოდა. ქალაქიდან რომ ჩამოვიდნენ, მდგომარეობა გამოსწორდა, – ამბობს ნანა რეხვიაშვილი.
მისივე თქმით, აღდგომის ორ კვირაში მაღაზიის მომარაგება ყველაზე მეტად გაუჭირდათ. ოჯახმა სამგზავრო საშვი ორჯერ გააკეთა და დამოუკიდებლად შეძლო მაღაზიის პროდუქტებით მომარაგება.
ნანა რეხვიაშვილი წუხს, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო მოსახლეობას საკვები პროდუქტების შეძენა უჭირს.
– ნისიები დამრჩა, ვერ გადაიხადეს. ნაწილობრივ მოაქვთ მყიდველებს თანხა, მაგრამ ასეთ ვითარებაში ჩვენც ძალიან გვიჭირს მაღაზიის მომარაგება. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პენსიასა და სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული და ჩვენც მათთან ერთად, ასე ვთქვათ, თვიდან თვემდე ვმუშაობთ.
ადამიანები თანხის ნაწილს რომ დააბრუნებენ, მეორე ნაწილი შემდეგ თვეში მოაქვთ. ნისიაზე უარს ვერავის ვეტყვი, რადგან საკვები სჭირდებათ, ზოგს სახლში ბავშვი ჰყავს, ზოგს მოხუცი”.
ბოლო პერიოდში თაბაგარების ოჯახს მაღაზიაში პროდუქტების ნაწილზე თანხის გაზრდა მოუწიათ. ღირებულება მაიონეზზე, კარტოფილზე, ფქვილზე გაიზარდა. როგორც ამბობენ, ფასების ცვლილება არ უნდოდათ, თუმცა ეს მათგან დამოუკიდებლად ბაზარმა დაარეგულირა
ნანა რეხვიაშვილი მაღაზიის ფუნქციონირების გაგრძელებას აპირებს. თუმცა, ფიქრობს, რომ მუშაობა მარტივი არ იქნება.
თუ მომხმარებელი ადრე ორ კილოგრამს იძენდა, ახლა კილონახევარს იღებს, რადგან ძვირია და მეტის შესაძლებლობა არ აქვს. მირჩევნია იაფი იყოს და უფრო მეტი გაიყიდოს. მინდა, რომ ფასები შემცირდეს და მოსახლეობას ეკონომიკურად საკვების შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეს. ვხედავ, რომ ხალხი ძალიან მცირედით იკვებება და ასე ცხოვრება რთულია.”
ნანა რეხვიაშვილის მსგავსად პანდემიის პირობებში სოფლის მაღაზიების ფუნქციონირებაზე საუბრობს ლეღვნელი თამაზ მაღრაძე. თამაზ მაღრაძე მცირე მეწარმეა და 15 წელზე მეტია რაც სოფელ ლეღვანში პირველადი მოთხოვნილების პროდუქტს აწვდის მცხოვრებლებს.
მისი თქმით, პანდემიამ სოფლებში მოსახლეობა დააბრუნა. „რა თქმა უნდა, მაღაზიის მუშაობამ მოიმატა, მაგრამ რამდენადაც მოიმატა, იმდენად გაგვიჭირდა მომარაგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მანქანებით გადაადგილება შეზღუდული იყო”.
თამაზ მაღრაძე ამბობს, რომ პანდემიის პირობებში დაბალი ფასების შენარჩუნებას ცდილობდნენ, თუმცა ეს ბოლომდე მათზე არ იყო დამოკიდებული. საბაზრო ეკონომიკამ, მოწოდებამ, და ტრანსპორტირებამ ფასების ცვლილებაზე გავლენა იქონია. თუმცა პურზე ფასის შემცირება მოახერხეს.
– ჩვენმა მომწოდებელმა დავით გაჩეჩილაძემ შეძლო და რამდენიმე თეთრით პურზე ფასი დაიწია. ამიტომ ჩვენც გავაიაფეთ. ვფიქრობ, ამ პერიოდს ისე ვართმევდით თავს, რომ მომხმარებელი უკმაყოფილო არ დაგვრჩენოდა”.
თამაზ მაღრაძე მიიჩნევს, რომ სოფლის მაღაზიების ფუნქციონირება ნისიების გარეშე რთულია. თუმცა თანასოფლელებს ერთმანეთთან ღირსეული დამოკიდებულება აქვთ.
ხშირად ხდება, რომ ვინმე თანხას ვერ იხდის, მაგრამ მოტანას არ ვთხოვთ. გავა დრო და შეძლებს დაბრუნებას. აქ მთავარი ერთმანეთის პატივისცემაა, – ამბობს თამაზ მაღრაძე.
პანდემიის პირობებში მაღაზიის ფუნქციონირება რთული აღმოჩნდა ხიდარში ლია კაპანაძისთვის. სოფელ ხიდარში რამდენიმე საკვები პროდუქტის ობიექტია. ლია კაპანაძის ოჯახს კი შერეული ტიპის მაღაზია აქვს, სადაც ტკბილეულსა და წვრილმან ნივთებს ყიდის. საკუთარ მაღაზიას თავად ამარაგებს. ამიტომ როცა მანქანებით გადაადგილება შეიზღუდა, მუშაობის შეწყვეტა მოუწია.
მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსის შემდეგ მოსახლეობა საკვები პროდუქტების მარაგს ქალაქის ან რაიონის მარკეტებიდან ავსებს. მოსახლეობა სოფლის მაღაზიებით იშვითად სარგებლობს და კაპანაძეების ოჯახსაც მუშაობა ძალიან უჭირს.
პანდემიის პირობებში მაღაზიების შეზღუდულ მუშაობაზე საუბრობს მერაბ ლაცაბიძეც, რომლის ოჯახს, 15 წელზე მეტია, რაც მოლითში პროდუქტების მაღაზია აქვს. მათი თქმით, დისტრიბუტორები მხოლოდ ლუდით ამარაგებენ. შეზღუდვების დროს საშვის გამოყენებით გადაადგილდებოდნენ. ფასებმა პროდუქტებზე მოიმატა, თუმცა თავად ცდილობენ, რომ მეტად არ გაზარდონ. მერაბ ლაცაბიძის თქმით, სოფელში მოსახლეობას ყოველთვის უჭირს, ადამიანების უმეტესობა პენსიონერია და თანხის გადახდაც ამაზეა დამოკიდებული.
ხარაგაულის სოფლების მაღაზიებს ქალაქის სასურსათო ობიექტებთან მთავარი ის აქვთ, რომ – ფასებმა, მეტნაკლებად, ყველგან მოიმატა; მფლობელების ნაწილი გაზრდილ ფასებზე საუბრობს და ისინი თანხმდებიან, რომ ფასების ცვლილება ისედაც შეჭირვებული ადამიანების ნაწილს ზურგზე ძალიან მძიმე ტვირთად აწვება.
თამარ ჩხიკვაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი