კორონავირუსის პანდემიის დროს სწავლება ონლაინ პლატფორმებით გაგრძელდა.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2019-2020 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში, გასული წლების მსგავსად, 15 ივნისს დასრულდება.
როგორ გაართვეს თავი პირველი კლასის მასწავლებლებმა ონლაინსწავლებას და რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ვიდეოგაკვეთილები, რისი გაუმჯობესებაა აუცილებელი დისტანციური სწავლებისას, – ამ საკითხებზე პირველი კლასის მასწავლებლებს ვესაუბრეთ.
ხარაგაულის #2 სკოლის 26 პირველკლასელს დოდო გელაშვილი ასწავლის. ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 26 სკოლას შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი პირველი კლასის მასწავლებელია. საგაზაფხულო არდადეგების დაწყებამდე ანბანის შესწავლა დაასრულეს.
დოდო მასწავლებელი ამბობს, რომ ონლაინსწავლება თავიდან პირველკლასელებს ძალიან გაუჭირდათ, – კომპიუტერის და ტელეფონის ეკრანიდან გაკვეთილის მოსმენა მათთვის რთული აღმოჩნდა. მასწავლებელი მშობლების გარეშე გაკვეთილებს ვერ იწყებს, რადგან ინტერნეტში მშობლის ტელეფონია ჩართული. მეცადინეობებს ზოგჯერ საღამოს 7-8 საათზეც ატარებს.
26 პირველკლასელიდან „თიმსის“ პროგრამაში 15 მოსწავლე ერთვება, 8 მოსწავლე მესენჯერით. სამ მოსწავლეს ინტერნეტთან წვდომა საერთოდ არ აქვთ. ამიტომ დოდო მასწავლებელი მათ ტელეფონით უკავშირდება.
-მოსწავლეები ვიდეოებს იღებენ და მიგზავნიან, თუ როგორ კითხულობენ ტექსტებს და წერენ დავალებებს, – ამბობს დოდო გელაშვილი, – კმაყოფილი ვარ შედეგებით. თუმცა, საკლასო ოთახი შეუცვლელია. იქ სხვა გარემოა, სხვა სითბო და ურთიერთობები. მასწავლებელო, მენატრები – მითხრა ამასწინათ ერთ-ერთმა მოსწავლემ ონლაინგაკვეთილის დროს. სიხარულის ცრემლები წამომცვივდა. მეც ძალიან მენატრებიან ჩემი მოსწავლეები.
შვიდ პირველკლსელთან ატარებს ვიდეოგაკვეთილებს ვარძიის სკოლის მასწავლებელი მაკა ხიჯაკაძე. გაწაფულ კითხვაზე რომ უნდა გადასულიყვნენ, სწორედ მაშინ მოუსწრო პანდემიამ. რვა მოსწავლიდან ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა. ორ მოსწავლეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.
მაკა მასწავლებელი თავიდან უიმედოდ იყო განწყობილი და ფიქრობდა, რომ გამართულად კითხვის სწავლას მოსწავლეები ვერ შეძლებდნენ. თუმცა, მშობლების თანადგომით მოსწავლეებმა სასკოლო პროგრამა კარგად დაძლიეს. მაკა ხიჯაკაძე მიიჩნევს, რომ უმთავრესი პრობლემა დისტანციური სწავლებისას ინტერნეტზე ხელმისაწვდომობაა. თუმცა, არც მასწავლებლების უმრავლესობა აღმოჩნდა მზად, რომ გაკვეთილების ჩასატარებლად სხვადასხვა ონლაინფლატფორმები გამოეყენებინა.
„ბევრი გეგმა გვქონდა, საანბანო ზეიმი უნდა მოგვეწყო, – ამბობს მაკა ხიჯაკაძე, – პარასკევს, 29 მაისს, მცირე ვიდეო კოლაჟით დავემშვიდობე ჩემს მოსწავლეებს. ეს ჩემთვის პირველი სადამრიგებლო კლასია და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვფიქრობ, ზაფხულშიც კვირაში ერთი დღე შევეხმინო მოსწავლეებს და დავალებები მივცე“.
ხევის სკოლის ცხრა პირველკლასელს მასწავლებელმა ლია მახათაძემ ინგლისური ანბანი დისტანციურად შეასწავლა. მშობლების ხელშეწყობით ვიდეოგაკვეთილებში ჩართვას ცხრავე მოსწავლე ახერხებს. „თიმსისა“ და მესენჯერის გამოყენებით ლია მახათაძე ზაფხულშიც გეგმავს მოსწავლეებთან ურთიერთობის გაგრძელებას და განვლილი მასალის გამეორებას.
ნინო კაპანაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის