საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და საკარანიტინო რეჟიმი  ერთი კვირის წინ, 23 მაისს გაუქმდა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, ფაქტია, რომ   საზოგადოებრივი შეკრებები დიდხანს ჩვეულ სტილს ვერ დაუბრუნდება. 

ტრადიციულად, სხვადასხვა  საგანმანათლებლო პლატფორმებსა და ორგანიზაციებზე დაყრდნობით, გიზიარებთ იმ ლექციებისა და ვებინარების ანონსს, რომლებშიც მონაწილეობა და მოსმენა სახლიდან, გარეთ გაუსვლელად, ინტერნეტითა და სოციალური ქსელის  საშუალებით შეგეძლებათ. 

1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ  თარიღთან დაკავშირებით, „მზიანი სახლი“ პროექტს „მშობლები და შვილები – გამოწვევების მართვა“  აგრძელებს. პროექტის ფარგლებში ორშაბათს, საღამოს 19:00 საათზე ზუმის აპლიკაციის საშუალებით ლექცია “სიყვარულის 5 ენა” ჩატარდება. გარდა იმისა, რომ ადამიანები კომუნიკაციისთვის სხვადასხვა ენებს ვიყენებთ, ჩვენი მამოძრავებელი გრძნობის – სიყვარულის ენაც შეიძლება სხვადასხვა გვქონდეს. განსხვავებულ ენებზე მეტყველება კი საგრძნობლად აფერხებს ჰარმონიული ურთიერთბების შენების პროცესს. სიყვარულის 5 ენიდან რომელია თქვენი „სიყვარულის ენა“ და რომელ „სიყვარულის ენაზე“ საუბრობს თქვენი შვილი? შესაძლებელია თუ არა ერთმანეთის „სიყვარულის ენების“ სწავლა, რათა უკეთ გავუგოთ ერთმანეთს? ამ და სხვა თემებზე ლექციაზე მზიანი სახლის ტრენერები დიანა მამინაიშვილი და ქეთევან ჟვანია-ტაისონი ისაუბრებენ.

2 ივნისს გარემოს დამცველთა კლუბი აგრძელებს ვებინარების სერიას და  გიწვევთ ღონისძიებაზე: “შეხვედრა გია ბუღაძესთან”. ღონისძიებას წარუძღვება თანამედროვე  ერთ-ერთი  ქართველი მხატვარი, გია ბუღაძე. ლექციაზე დასწრება ზუმის აპლიკაციის დახმარებით შეგეძლებათ. 

ლექციების კურსს აგრძელებს ევროპულ-ქართული უნივერსიტეტი, რომელიც თავის აუდიტორიას ახალგაზრდა მკვლევარებსა და მომხსენებლებს უთმობს.  3 ივნისს 15:00 საათზე  ლექციას წაიკითხავს სამართლის მაგისტრანტი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკოორდინაციო საბჭოს მოწვეული წევრი, შშმ პირთა უფლებათა აქტივისტი, დავით ბიბილეიშვილი. ლექცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ისტორიასა და თანამედროვეობას შეეხება. 

ემოციური ინტელექტის შესახებ იმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ლექციაც, რომელსაც ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა წარუძღვება. შეხვედრა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: რა არის ემოციური ინტელექტი და რა როლს თამაშობს ის ადამიანის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და მიღწევებში? როგორ უნდა ამოიცნოს და მართოს პიროვნებამ საკუთარი ემოციები და როგორ გაერკვეს სხვის რეაქციებში, რათა გაუმკლავდეს კონფლიქტებსა და სტრესულ სიტუაციებს, დაამყაროს სწორი კომუნიკაცია სოციუმთან. 

4 ივნისს “ათონის დარბაზი” ქართველ ფილოსოფოსსა და ფილოლოგს ლევან გიგინეიშვილს მასპინძლობს.  ლექცია ონლაინ რეჟიმში გაიმართება. შეხვედრა “ავგუსტინესა და პელაგიუსის” შესახებ იქნება და ფილოსოფიით დაინტერესებულთათვის კითხვების გაგზავნაც ელექტრონული ფორმით იქნება შესაძლებელი.

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დეპარტამენტის ორგანიზებით  6 ივნისს 18:00 საათზე  ტრენინგი თემაზე „თვითმოტივაცია – საუკეთესო მოტივაცია“ ჩატარდება. 

ტრენინგს წარუძღვება კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი, ბიზნეს-კონსულტანტი მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის სფეროში, ბლოგერი და ფილოსოფოსი ანდრო დგებუაძე.  შეხვედრა ზუმის აპლიკაციის დახმარებით ჩატარდება.