ბორის საჯარო სკოლა მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. ორი წლის მანძილზე სკოლაში ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელი ელიზაბეთ ბირჩლერი მოსწავლეებს ინგლისურ ენას შეასწავლის. „მშვიდობის კორპუსის კონკურსში გამარჯვებული მოხალისეები ამერიკაში გადამზადდნენ. აუცილებელია, რომ ჰქონდეთ უმაღლესი განათლება და პედაგოგიური გამოცდილება, – ამბობს ბორის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე, – ჩვენ ინგლისური ენის მასწავლებელ მოხალისესთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება გვაქვს. იმედია, წარმატებული იქნება ელიზაბეთთან ურთიერთობის ორი წელი.“

ჰამლეტ ბერაძის თქმით, მშვიდობის კორპუსში ტრენინგებზე ერთ-ერთ სასურველ აქტივობად საზაფხულო ბანაკების მოწყობა დასახელდა. „ტრენინგებზე გავიცანი ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე, რომელმაც გამიზიარა თავისი გამოცდილება და მითხრა, რომ დღის ინგლისურენოვანი ბანაკი მათ სკოლაში დიდი ხნის ტრადიციაა, – გვიამბობს ჰამლეტ ბერაძე, -ელიზაბეთ ბირჩლერმა და ჩვენი სკოლის სამმა მოსწავლემ გაიზიარა ძევრის სკოლის გამოცდილება. პირველ სექტემბერს სკოლაში ხუთდღიანი ინგლისურენოვანი დღის ბანაკი გაიხსნა. ბანაკის პროგრამა ელიზაბეთ ბირჩლერმა შეადგინა. ბანაკის ფუნქციონირებაში მას ძევრის სკოლის მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებელი ელისონ სვენსონი დაეხმარა. პროგრამაში აქტიურად ჩაერთვნენ ბორის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები ნანა ბერიძე და ჟანა ნიშნიანიძე.

boris_banaki 1

ჰამლეტ ბერაძის ინიციატივით გამგეობის კულტურის სამსახური ბანაკში ყოველდღე ატარებს ინტელექტუალურ თამაშს „რა? სად? როდის?“

ოთხ ჯგუფად დაყოფილი 46 მოსწავლე დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობითაა დაკავებული: მასწავლებლები მათ ეზოსა და საკლასო ოთახში შესასრულებელ დავალებებს აძლევენ, გუნდები პარალელურად სპორტულ დარბაზში ეჯიბრებიან ერთმანეთს. სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეებს კურსდამთავრებულები ეხმარებიან. ჰამლეტ ბერაძის თქმით, ბორის სკოლის პარტნიორი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ამ საქმიანობას მნიშვნელოვან ნაბიჯად უთვლის კურსდამთავრებულებს. ბორის სკოლის მოსწავლეებთან ერთად საზაფხულო ინგლისურენოვანი დღის ბანაკის მონაწილეები არინ კიცხის, ვარძიის, წყალაფორეთის, ხარაგაულის #2, თბილისის, ქუთაისისა და ზესტაფონის საჯარო სკოლების მეექვსე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეები. „ინფორმაცია დღის ბანაკის შესახებ მხოლოდ სოციალური ქსელით გავავრცელეთ, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – კვებასა და სახლში ტრანსპორტირებაზე მოსწავლეები თავად ზრუნავენ. ვფიქრობ, მომავალ ზაფხულს ბორის სკოლაში სადღეღამისო ბანაკი შევქმნათ და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ჩავრთოთ ამ საქმეში. ჩვენ პანსიონური მომსახურების დიდი გამოცდილება გვაქვს და არ გაგვიჭირდება სადღეღამისო ბანაკის შექმნა. იმედია მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება და ტურიზმის სამსახური გვერდით დაგვიდგებიან.“

boris_banaki 2

მშვიდობის კორპუსის მოხალისე ელიზაბეთ ბირჩლერი ამბობს, რომ ბანაკის მონაწილე მოსწავლეები დიდი მონდომებით ეუფლებიან ინგლისურ ენას. „ბანაკი საშუალებას აძლევს სხვადასხვა სოფლის მოსწავლეებს გაიცნონ ერთმანეთი, ისწავლონ ჯგუფებში მუშაობა, გახდნენ ლიდერები, ჩაერთონ სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ თუ სპორტულ აქტივობებში.“

ბორის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ჟანა ნიშნიანიძე მოხარულია, რომ მოსწავლეები იუმჯობესებენ ინგლისურ ენაში ცოდნას.

ელისონ სვენსონს მიაჩნია, რომ ბორის სკოლის ინგლისურენოვან ბანაკში დროს მხიარულად და ნაყოფიერად ატარებენ. ის გაკვირვებულია მოსწავლეთა ცოდნის დონით. „ბანაკის არსებობის ერთ-ერთი მიზანია, რომ სხვადასხვა სოფლის მოსწავლეებმა ერთად იმუშაონ. მეორეა, რომ მოსწავლეებს არა მხოლოდ საკლასო ოთახში ვასწავლოთ ინგლისური,“ – ამბობს მშვიდობის კორპუსის მოხალისე.

boris_banaki 3

ბორის სკოლის ინგლისურენოვან ბანაკში ჩაერთო ხიდრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მზია ბერაძე. მზია მასწავლებელი ამბობს, რომ დიდი სიხარულით ეხმარება მოსწავლეებს მოხალისეებთან კომუნიკაციაში და სხვადასხვა დავალების შესრულებისას.

ბორის სკოლის მოსწავლე იური აბულაძე ბანაკს საგანმანათლებლო პროექტს უწოდებს და ამბობს, რომ ინგლისური ენის სწავლებასთან შერწყმული გართობა ენის შესწავლას უადვილებს.

ნია ბერაძემ ბანაკის შექმნის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელიდან შეიტყო. მისი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სპეციალური გაკვეთილებით იღრმავებენ ცოდნას და ხვეწენ მეტყველებას. ქუთაისელი ლაშა ჟორჟოლიანი ბორში ისვენებდა და სიხარულით ჩაერთო ბანაკში. ლაშა ამბობს, რომ ბანაკში იუმჯობესებს ინგლისურ ენაზე მეტყველებას. ზესტაფონის #7 სკოლის მოსწავლე ლინა ოდიკაძე მიიჩნევს, რომ ბანაკის აქტივობები მრავალფეროვანია. ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარი მაღლაფერიძე თვლის, რომ ბანაკში, შესაძლოა, ხუთ დღეში ვერ შეისწავლო ინგლისური, მაგრამ გარკვეულ ცოდნას მიიღებ. მარი ამბობს, რომ მომავალში აუცილებლად წავა ასეთი ტიპის ბანაკში. კიცხის სკოლის მოსწავლე ანი მდინარაძესთვის ბანაკში გატარებული დღეები განსაკუთრებული და საინტერეოსოა როგორც ინგლისური ენის შესწავლის, ისე სხვა სკოლების მოსწავლეებთან ურთიერთობის კუთხით.

ნინო კაპანაძე