წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სამი ხარაგაულელი პირველკურსელი ასპროცენტიანი გრანტის მფლობელი გახდა. ნოდარ ჭანკოტაძე, ქეთევან სხილაძე და მარიამ აბულაძე სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხენ. წარმატების უმთავრეს მიზეზად სამივეთავდაუზოგავ შრომას და მონდომებას მიიჩნევს.

Chankotadze_Nodar

ნოდარ ჭანკოტაძეხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულია. ისთბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. „ცოტა მოულოდნელი იყო ჩემთვის 100%-იანი გრანტი, რადგან ყველა გამოცდის შემდეგ ვფიქრობდი, რომ მაღალ ქულას ვერ მივიღებდი, – გვიამბობს ნოდარი, -გამოცდები ჩემთვის ემოციურად ძალიან დატვირთული იყო. ხუთი გამოცდა ჩავაბარე, სამ აუცილებელ საგანთან ერთად – გეოგრაფია და მათემატიკა. მათემატიკა ძალიან მიყვარს და ამ გამოცდის შედეგზე გულიმწყდება. მეტს მოველოდი. როგორც ჩანს ვღელავდი და ვერ ვიმარჯვე.“

ნოდარი ამბობს, რომ ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში მიუძღვით მასწავლებლებსა და დედას, რომელიც სულ ეჩიჩინებოდა, – ისწავლე, ისწავლეო. „ბეჯითი მოსწავლე ნამდვილად არ ვყოფილვარ. უფრო მეტ დროს ჩემს ჰობს – თევზაობასა და მუსიკას ვუთმობდი და დედა ყოველთვის საფუძვლიანად მეჩხუბებოდა. მიხარია, რომ გავამართლე მასწავლებლებისა და დედის იმედები,“ – ამბობს ნოდარი და ყველა მეგობარს სტუდენტობას ულოცავს.

Skhiladze_Ketevan

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ქეთევან სხილაძე გამოცდების დროს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობდა საკუთარი თავისა და მასწავლებლების წინაშე. მისთვის საგამოცდო გარემო კომფორტული აღმოჩნდა. „მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად აზროვნება და მომავალზე ფიქრი დავიწყე, გადავწყვიტე, სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, – გვიამბობს ქეთევანი, – კარგად ვიცნობდი უნივერსიტეტის გარემოს, საწვრთნელ ბაზას, მომწონდა იქაური სწავლების სტილი და ლექტორები. თავისუფალ უნივერსიტეტში ტრადიციულად მაღალი კონკურსია. ამიტომ განვიცდიდი, რამდენად მოვხვდებოდი ამ უმაღლეს სასწავლებელში. ბედნიერი ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ ჩემთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავირიცხე.“

პირველად შედეგები დას მიახარა, შემდეგ – მშობლებს, აღფრთოვანებულმა აცნობა მეგობრებს. ქეთევანის თქმით, მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ მას საკუთარი დრო მხოლოდ სწავლისთვის გამოეყენებინა და ხელს უწყობდნენ ხარისხიანი განათლების მიღებაში. ის უზომოდ მადლიერია თავისი მასწავლებლების.  „სკოლაში დიდი ცოდნა მივიღე. ამ ადამიანების გარეშე ასეთი წარმატების მიღწევა გამიჭირდებოდა,“ – ამბობს ქეთევანი და სტუდენტური წლების მიმართ იმედიანადაა განწყობილი. „სტუდენტობა არ იქნება ადვილი. ცხოვრებაში თუ რაიმეს მიღწევა გინდა, შრომა და მონდომება აუცილებელია. იმედია, ყველაფერი კარგად გამოვა,“ – ფიქრობს ქეთევანი.

Abuladze_Mariam

მარიამ აბულაძე, ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. „გამოცდებისთვის მზადება დამღლელი იყო და სულ ძილი მენატრებოდა, – იხსენებს მარიამი, – გამოცდების შედეგები რომ გავიგე, ყველაფერი ერთიანად დამავიწყდა. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ მთავარია მონდომება და შეუძლებელიც არაფერია.“ მარიამმა სამ სავალდებულო საგანთან ერთად ფიზიკა და მათემატიკა ჩააბარა. გამოცდების წინ ნერვიულობდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, საგამოცდო ტესტის გადახედვისთანავე მშვიდად იწყებდა მუშაობას. მარიამის შედეგები დედამისმა და ძმამ შეიტყვეს. „ჩემზე მეტად, მგონი, მათ უფრო გაეხარდათ. მე ვერ გამოვხატე ემოცია. მთავარია, მიზანს მივაღწიე და მერე ვნახოთ, რა იქნება. ალბათ სპეციალობად ნევროლოგიას ავირჩევ,“ – ამბობს მარიამი და აღნიშნავს, რომ მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი ოჯახს და მასწავლებლებს მიუძღვით. მარიამი ეროვნული გამოცდებისთვის, ინგლისურის გარდა, არც ერთ საგანში არ ემზადებოდა. „სკოლაში მიღებული ცოდნით ჩავაბარე. ყველაზე მეტად მამხნევებდნენ მასწავლებლები და სკოლის დირექტორი. ჰამლეტი მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ 100%-იან გრანტს მივიღებდი და სასურველ ფაკულტეტზე ჩავირიცხებოდი. ეს ერთგვარი სტიმული იყო და მაძლიერებდა იმ გათენებულ ღამეებში და გამოცდების დროს,“ – ამბობს მარიამი და ფიქრობს, რომ სტუდენტური წლები შრომატევადი იქნება.

წარმატებებს და ბედნიერ სტუდენტობას ვუსურვებთ ყველა პირველკურსელს.

ნინო კაპანაძე