კორონავირუსის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ოჯახების ცხოვრება მთელ მსოფლიოში.

მშობლებს გამკლავება უწევთ ბევრ ცვლილებასთან, როგორიცაა სკოლების დახურვა, დისტანციური მუშაობა და ფიზიკური დისტანცირება. რობერტ ჯენკინსი, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების მიმართულების გლობალური ხელმძღვანელი, გვთავაზობს ხუთ რჩევას ბავშვების ხელშესაწყობად სახლის პირობებში განათლების გაგრძელებაში.

ერთად დაგეგმეთ რუტინა
შეეცადეთ, შექმნათ რუტინა, ასაკის შესაფერისი საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებით, რომელში ჩართვაც შესაძლებელია ინტერნეტით, ტელევიზიით ან რადიოთი. ამას გარდა, გაითვალისწინეთ დრო თამაშისა და კითხვისათვის. ბავშვებისათვის სხვადასხვა საკითხების სწავლებისთვის გამოიყენეთ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო აქტივობები. და არ დაგავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანია, ეს გეგმები ერთად შეიმუშაოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ რუტინისა და სტრუქტურის შექმნა უმნიშვნელოვანესია ბავშვებისა და მოზარდებისათვის, შესაძლოა საჭირო გახდეს გრაფიკის გზადაგზა შეცვლა. თუ ატყობთ, რომ ბავშვს ონლაინ სწავლის პროგრამაში მონაწილეობისას მოუსვენრობა დაეწყო და აღგზნებულია, გადაერთეთ უფრო აქტიურ საქმიანობაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ დაგეგმვა და საოჯახო საქმეების უსაფრთხოდ და ერთად შესრულება შესანიშნავი შესაძლებლობაა ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებისათვის. ამდენად, მნიშვნელოვანია, ყურადღებით დააკვირდეთ ბავშვს და გაითვალისწინოთ მისი საჭიროებები.

ბავშვთან წარმართეთ ღია საუბარი
წაახალისეთ ბავშვი, დაგისვათ შეკითხვები და გაგიზიაროთ საკუთარი განცდები. გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილს შესაძლოა განსხვავებული რეაქციები ჰქონდეს სტრესზე, ამდენად იყავით მომთმენი და შეეცადეთ, გაუგოთ მას. თავდაპირველად სთხოვეთ ბავშვს, გესაუბროთ პრობლემაზე. გაარკვიეთ, რა ინფორმაციას ფლობს ბავშვი უკვე და საუბარი ამის მიხედვით განაგრძეთ. ესაუბრეთ და იმსჯელეთ ჰიგიენის წესებზე. შეგიძლიათ ყოველდღიური ყოფითი მომენტები გამოიყენოთ ისეთი საკითხების მნიშვნელობის ხაზგასასმელად, როგორიცაა რეგულარულად და საფუძვლიანად ხელების დაბანა. დარწმუნდით, რომ უსაფრთხო გარემოში იმყოფებით და მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, გესაუბროთ თავისუფლად. დისკუსიის დასაწყებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხატვა, ამბების მოყოლა და სხვა აქტივობები.

შეეცადეთ, არ დააკნინოთ ბავშვის მიერ გამოთქმული პრობლემის მნიშვნელობა და თავი არ აარიდოთ მასზე საუბარს. აუცილებელია, აღიაროთ ბავშვის განცდები და დაარწმუნოთ, რომ მისი შიში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია. დაანახეთ, რომ უსმენთ, მთელი ყურადღება მისკენ მიმართეთ  და დაარწმუნეთ, რომ თქვენს შვილს თქვენთან და თავის მასწავლებელთან ნებისმიერ დროს შეუძლია გასაუბრება. გააფრთხილეთ ყალბი ახალი ამბების შესახებ და მოუწოდეთ მას და თავსაც შეახსენეთ, რომ გამოიყენოთ მხოლოდ სანდო ინფორმაციის წყაროები, როგორიცაა გაეროს ბავშვთა ფონდის სახელმძღვანელო რეკომენდაციები.

არ იჩქაროთ
მეცადინეობების ხანგრძლივობა გაზარდეთ თანდათანობით. თუ მეცადინეობა უნდა გაგრძელდეს 30 ან 45 წუთი, დაიწყეთ 10 წუთით და თანდათან მოამატეთ დრო. სასწავლო სესიის განმავლობაში საჭიროა ონლაინ ანუ ეკრანთან გატარებული დროის კომბინირება სხვა აქტივობებთან ან სავარჯიშოებთან.

დაიცავით ბავშვები ონლაინ სივრცეში
ციფრული პლატფორმები ბავშვებს აძლევს სწავლის გაგრძელების, თამაშებში ჩართვის და მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობას. თუმცა, ინტერნეტზე გაზრდილ წვდომას თან ახლავს ბავშვების უსაფრთხოების, დაცულობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაზრდილი რისკები. ესაუბრეთ თქვენს შვილებს ინტერნეტის შესახებ, აუხსენით, როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა პლატფორმებზე, მაგ., ვიდეო ჩართვებისას.
ერთად დაადგინეთ წესები იმის შესახებ, თუ როგორ, როდის და სად შეიძლება ინტერნეტის გამოყენება. დააყენეთ მშობლის კონტროლის პროგრამა მათ აპარატებზე, ონლაინ რისკების შესარბილებლად, განსაკუთრებით – შედარებით პატარა ბავშვებისათვის. მოიძიეთ შესაბამისი ონლაინ ინსტრუმენტები ერთად გასართობად – ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ‘Common Sense Media’, მომხმარებელს სთავაზობენ რჩევებს ასაკის შესატყვისი აპლიკაციების, თამაშების და ონლაინ გართობის სხვა ვარიანტების შესახებ. კიბერ-ბულინგის ან ინტერნეტში შეუსაბამო მასალის შეხვედრის შემთხვევებში, უნდა იცოდეთ, როგორია სკოლისათვის და სხვა ადგილობრივ დონეზე შეტყობინების მექანიზმი, უნდა გქონდეთ დახმარების ხაზებისა და ცხელი ხაზის ნომრები.
არ დაგავიწყდეთ, რომ დისტანციური სწავლების პლატფორმაზე წვდომისათვის არ არის აუცილებელი ბავშვების ან მოზარდების მიერ თავიანთი სურათების ან სხვა პერსონალური ინფორმაციის გაზიარება.

იქონიეთ კავშირი თქვენი შვილ(ებ)ის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან
გაარკვიეთ, თუ როგორ შეიძლება კავშირის შენარჩუნება მის მასწავლებელთან ან სკოლასთან, რათა იყოთ ინფორმირებული, დასვათ შეკითხვები ან მიიღოთ დამატებითი რჩევები. შინიდან სწავლის პროცესში ერთმანეთის მხარდასაჭერად შესაძლოა გამოსადეგი იყოს ასევე მშობელთა ჯგუფების ან სათემო ჯგუფების ფორმატი.

წყარო