კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე მეტად რისი საჭიროება გამოკვეთა; პანდემიის გადავლის შემდგომ, უპირველესად, რის განვითარებაზე უნდა იზრუნოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ – ამ საკითხებზე ხარაგაულელები საუბრობენ.

მზია კვინიკაძე, მასწავლებელი: -არ უნდა დაგვჭირვებოდა იმის მუდმივად შეხსენება, რომ ხელები ხშირად დავიბანოთ და დისტანცია დავიცვათ. როგორც მასწავლებელი, ვთვლი,რომ დისტანციურ სწავლებას უფრო მეტად მობილიზებულები უნდა შევხვედროდით. ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარება-გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს. მართალია, დახმარებები იცემა, მაგრამ ბევრი ამ პროგრამის მიღმა რჩება. XXI საუკუნეში თოხითა და ბარით მიწას ვინღა ამუშავებს?! მინიტრაქტორების შესაძენად მაინც დაეხმარონ გლეხებს, საცოდავად რომ შრომობენ.

ლია გიორგაძე, მედდა: -პანდემიის დროს ყველა მიმართულებით პროფესიონალების საჭიროება მეტად გამოიკვეთა. ზედმეტი არც ქება ვარგა და არც ძაგება. გავიგეთ, რომ ექიმები გმირები არიან, მაგრამ ისინი თავის საქმეს აკეთებენ. უტრანსპორტობამ ძალიან გამაწვალა. მართალია, კეთილი ადამიანების თანადგომით ვახერხებდი კიცხიდან სამსახურში დროულად მისვლას, მაგრამ ყოველთვის სხვა ხომ ვერ გაგიჩერებს მანქანას? მედიცინის მუშაკების სამსახურში მისვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენი ტრანსპორტირების საკითხი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს.

ლაშა გურგენიძე, მეფუტკრე: – ჩემი აზრით, კომენდანტის საათის დაწესება და მოსახლეობისთვის თავისუფლების აღკვეთა საჭირო არ იყო. ჩემს საახლობლოში რამდენიმე ადამიანი სახლში გამოკეტვამ უმძიმეს დეპრესიაში ჩააგდო.

ხელისუფლების მხრიდან საწვავის ახლა დარიგებას დიდი შედეგი არ მოჰყვება. ამ პროგრამით ისევ ხელისუფლებასთან დაახლოებული მსხვილი ფერმერები ისარგებლებენ. ჯანდაცვის სამინისტროსგან თანხები უფრო მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს – სასუნთქი აპარატების მომარაგება იქნება ეს თუ სხვა რამ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ თითოეული მოსახლის ინდივიდუალური საჭიროებები უნდა გამოიკვლიოს.

თამარ თხელიძე, სტუდენტი: -პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რომ ადამიანური ურთიერთობები და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლებამ ყველაზე მეტად ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა შეუწყოს. დავინახეთ, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ და ვერაფერი გვიშველის. რამდენადაც ვიცი, პანდემიის დროს ხარაგაულის თვითმმართველობამ კარგად იმუშავა, ბევრ მოქალაქეს საკვები პროდუქტებით დაეხმარენ.

გოჩა კვინიკაძე, სკოლის დირექტორი: -ქართველებმა ყველაფერი გადაჭარბებული ვიცით და ეს პამდემიამ უკეთ დაგვანახა. მრცხვენოდა კიდეც, ხელის დაბანისკენ რომ მოგვიწოდებდნენ. სოციალური დისტანცია რომ აუცილებელი იყო, ამას შეხსენება რად უნდა! სოფელ წიფის მაგალითზე გეტყვით, რომ ინტერნეტთან წვდომა ძალიან ნაკლებად გვაქვს.

ადგილობრივი წარმოების გაძლიერება არის უმთავრესი. საქართველოსთვის ხორბლის ძირითადი მომწოდებლები რუსეთი, კანადა და ყაზახეთია. კორონავირუსის გავრცელების გამო ამ ქვეყნებში მძიმე მდგომარეობაა. ხელისუფლება გვერდით უნდა დაუდგეს ყველას, ვინც სოფლის მეურნეობის კუთხით ინიციატივას გამოიჩენს.

მირიან შარიქაძე: -კორონავირუსის პანდემიის დროს გავაცნობიერეთ, რომ უნდა ვიზრუნოთ არა მარტო საკუთარ, არამედ სხვების ჯანმრთელობაზე. სოლიდარობა და ერთმანეთის გვერდში დგომა აუცილებელია. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე, სამედიცინო კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და სამედიცინო ინვენტარის მარაგის შექმნაზე უნდა იზრუნოს.