
საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარდა. ვეფხვია ღონღაძეზე მისივე ლექსები უფრო მეტს გვიამბობენ; ის ლექსები, რომელთა შესახებ უახლოესმა მეგობრებმა მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყვეს.
ვეფხვია ღონღაძე ნიჭიერებით, თავმდაბლობითა და ცხოვრებისადმი განსხვავებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ლექსებით გვითხრა თავისი სიხარული და ტკივილი.
„…და ოცდამეცხრე გაზაფხულს ველი“, – ასე ეწოდება მის კრებულს. ეს ფრაზაც მისი ერთ-ერთი ლექსიდანაა.
– ხარაგაულისა და ხარაგაულელებისთვის ძალიან საჭირო ადამიანი იყო, – ამბობს ვეფხვია ღონღაძის მეგობარი მამუკა ჭიპაშვილი, – მეოცე საუკუნის ურთულესი 90-ანი წლების შემდეგ ხარაგაულში ჩვენმა თაობამ კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება დავიწყეთ. ვეფხვიას სიახლეები უყვარდა და ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. ახალგაზრდული ფესტივალის ჰიმნისთვის ტექსტი დაწერა. სამწუხაროდ, არ ვიცოდით, ამდენი ლექსი თუ ჰქონდა შექმნილი. მხიარულიც იყო, მაგრამ უფრო მეტად სევდიანი, მორცხვი და თავმდაბალი. ერთი სიტყვით, ძალიან დაგვაკლდა.
-კეთილშობილი, ყველას მოყვარული, მოკრძალებული, – ასე ახასიათებს ვეფხვია ღონღაძეს კლასის ხელმძღვანელი ნელი შარიქაძე, – თავის გამოჩენა არ უყვარდა. მისი ტრაგიკული გარდაცვალება ყველამ ძალიან განვიცადეთ.
-ეპოქის უკუღმართობამ შეიწირა ვეფხვიას სიცოცხლე, – ამბობს ვეფხვიას მეგობარი ლაშა გურგენიძე, – ის იმდენად სუფთა და უანგარო პიროვნება იყო, რომ გაჭირვებასა და უსამართლობას ვერ გაუძლო. ამიტომ ასეთ ადამიანებს სიცოცხლეში მეტად უნდა გავუფრთხილდეთ. ახლა კი მის ხსოვნას ვუფრთხილდებით. ძალიან კარგია, რომ ხარაგაულში მისი სახელობის სკვერი არსებობს და ამით მომავალ თაობებში ერთი უბრალო, მაგრამ სწორედ ამ უბრალოებით გამორჩეული კაცის სახელს უკვდავყოფთ.
28 მაისს ვეფხვია ღონღაძეს 49 წელი შეუსრულდებოდა.
ნინო კაპანაძე
გთავაზობთ ვეფხვია ღონღაძის ლექსზე – „კარუსელი ისე აღარ ტრიალებს“ – დალი მერაბიშვილისგან შექმნილი სიმღერას.
გასულ კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის