პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა იმ ჯარიმების გაუქმებას ეხებოდა, რომლებიც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო დაეკისრათ.

გიორგი გახარიას თქმით, ჯარიმების გაუქმებისკენ ვერავის მოუწოდებს.

„ჯარიმა აღამასრულებელი ხელისუფლებისთვის შემაკავებელი ინსტრუმენტი იყო, რომელიც საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა.

დაჯარიმებულთა რაოდენობა, რომელთაც სერიოზული შეზღუდვები დაარღვიეს, 9 000-მდეა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის, ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს.

აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა, უბრალოდ, აღარ იმუშავებს.

მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი შემდგომისთვის გადასახედია და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.