საქართველოში 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და საკარანიტინო რეჟიმი გაუქმდა.

მიუხედავად ამ ცვლილებებისა, ფაქტია, რომ საზოგადოებრივი შეკრებები დიდხანს ჩვეულ სტილს ვეღარ დაუბრუნდება.

ტრადიციულად გიზიარებთ იმ ლექციებისა და ვებინარების ანონსს, რომლებშიც მონაწილეობა და მოსმენა სახლიდან გარეთ გაუსვლელად, ინტერნეტითა და სოციალური ქსელის საშუალებით შეგეძლებათ.

  • ვებ-აპლიკაციებით დაინტერესებულთათვის ციფრული საგანმანათლებლო ლაბორატორია ჯეოლაბი 25 მაისს თავისი ლექციების კურსს აგრძელებს. ლექციას დეველოპერი ალექსანდრე პატარიძე წაიკითხავს, რომელიც, 7 წელზე მეტია, რაც მობილურ აპლიკაციებს ქმნის. ლექციაზე განხილული და პრაქტიკულად ნაჩვენები იქნება ეკრანებს შორის ნავიგაცია, UI-ს ანიმაცია სტანდარტული ანიმაციის ბიბლიოთეკა, Web და PWA მხარდაჭერის დამატება, Reddit client – ის შექმნა და სხვა.
  • ასევე, 25 მაისის საღამოს, მუსიკის მოყვარულებს ქართული ჯგუფის Bedford Falls-ისმუსიკის მოსმენა videocall-ში შეგეძლებათ. შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება და 00:00 საათამდე გაგრძელდება.

 

  • 26 მაისს GI სივრცეს ახალგაზრდა მკვლევარებს უთმობს.  ლექციას „იმპერიიდან დემოკრატიულ სახელმწიფომდე –  პირველი რესპუბლიკის დაბადება“ ახალგაზრდა მკვლევარი გიორგი ჯავახიშვილი წაიკითხავს. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბების თემებს მიმოიხილავს და მსმენელებს კითხვის დასმის შესაძლებლობაც ექნებათ.

 

  • „ლიტერატურა კინოში“ – ასე ჰქვია ონლაინ ლექციას, რომელსაც 27 მაისს 19:00 საათზე ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე და კინოხელოვნების სპეციალისტი ნატალია პაჭკორია ისაუბრებს. ლექციაზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: ოსკაროსანი ეკრანიზებული წიგნები და ლიტერატურული კინოშედევრები, ლიტერატურული ნაწარმოებები კინოში; ბესტსელერი წიგნები, რომელთა მიხედვითაც ფილმები გადაიღეს; ფილმები, რომლებმაც წიგნები დაჩრდილა; წიგნები, რომლებიც არ წაგიკითხავთ, მაგრამ გინახავთ; კლასიკური ლიტერატურის ეკრანიზაცია კინოში, ნობელის პრემიის ლაურეატების წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმები.

 

  • „ახალი ეკონომიკური სკოლა“ 27 მაისიდან, ფრიდრიხ ნიუმანის ფონდის მხარდაჭერით, სასერთიფიკატო სალექციო ციკლს „რას იტყოდნენ დიდი მოაზროვნეები დღეს“ იწყებს. სალექციო ციკლი სულ 8 ვებინარისგან შედგება. სერტიფკატის მისაღებად მონაწილე სულ მცირე 6 შეხვედრას უნდა დაესწროს. ლექციაზე განხილული იქნება თემები ლიტერატურის, რელიგიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, სახელმწიფო საკუთრების, ეკონომიკური ბაზრის და ა.შ.

 

  • 27 მაისს წიგნისა და წიგნიერების თემაზე ლექციას წაიკითხავს ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი და ტელეწამყვანი გიორგი კეკელიძე. ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ არის ორგანიზებული.

 

  • ასევე, თსუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება ლექცია, რომელსაც ფილოლოგი და პროფესორი ლევან გიგინეიშვილი წარუძღვება. შეხვედრაზე განხილული იქნება აკა მორჩილაძის მოთხრობა „მოგზაურობა ყარაბაღში“. შეხვედრაზე დასწრერა ზუმის აპლიკაციის დახმარებით შეგეძლებათ.

 

  • 29 მაისს Dual diagnoses info ge მართავს ონლაინ შეხვედრას. ლექციაზე განხილული იქნება ორმაგი დიაგნოზები და საქართველოში მასთან დაკავშირებული გამოწვევები. ვებინარის მონაწილეები იქნებიან: გიორგი მინასიდი – კლინიკური სოციალური მუშაკი, ზურაბ სიხარულიძე – ნარკოლოგი, ფსიქიატრები რუსუდან ზოიძე და თინათინ ლობჯანიძე.