არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა“ საზოგადოებრივი ტრანპორტის აღდგენის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და თბილისის მერს კახი კალაძეს  მიმართავს და პეტიციას ავრცელებს.

პეტიციის ავტორების თქმით, ადამიანის თავისუფალი გადაადგილება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით და გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-13 მუხლით.

23 მაისის საქართველოს მთავრობის #322 დადგენლიბა, ისევე, როგორც დ. ხუნდაძის აწ უკვე მიღებული ცვლილება „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონი თავისი აკრძალვებით არის ანტიკონსტიტუციური და ირღვევა ადამიანის უფლება თავისუფლად გადაადგილების შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა იწყებს ეკონომიკის გახსნას, იხსნება სამსახურები, თვითდასაქმებულებს ისედაც არ ერგოთ დახმარების პაკეტი, საერთაშორისო გამოცდილების და მაგალითების გათვალისწინებით – მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გაჩერებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, 15 ივნისს იხსნება შიდა ტურიზმი, 1 ივლისს იხსნება გარე/საერთაშორისო ტურიზმი, ჩნდება კითხვა – როგორ გადავაადგილდეთ ქალაქებს შორის? აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით? – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პეტიციაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას, დაუყოვნებლივ აღადგინოს  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. მათივე შენიშვნით, თუ ეს მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, მაშინ როგორც კანონში, ისე დადგენილებაში მკვეთრად იკითხება პოლიტიკური შინაარსი და კანონით დადგენილი შეზღუდვების ფონზე – მოქალაქეები დაიწყებენ  პერმანენტულ საპროტესტო აქციებს.