კორონავირუსის პანდემიამ არაერთი პრობლემის წინაშე დაგვაყენა. მაინც რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა პანდემიის პირობებში, – ამის შესახებ ხარაგაულელები საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ.

თამარ ჭიპაშვილი, აბიტურიენტი: – ჩემთვის, როგორც აბიტურიენტისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევა დისტანციურად სწავლებაა. მთელი დღე კომპიუტერთან ვმეცადინეობ. ეს მხედველობაზე უარყოფითად მოქმედებს. ეროვნულ გამოცდებამდე დარჩენილ ბოლო სამ თვეში პრაქტიკული მეცადინეობები უნდა ჩაგვტარებოდა. სამწუხაროდ, ახლა ასე ვეღარ მოხდება.

ზაზა ლურსმანაშვილი, ქორეოგრაფი: -ალბათ უმრავლესობისთვის და მათ შორის ჩემთვისაც, ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ საყვარელ საქმეს მოვწყდი. ბავშვებთან რომ ვეღარ ვურთიერთობ, ამან ჩემზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. იმედია, სექტემბრიდან ისევ ჩავდგებით კალაპოტში და მეცადინეობებს გავაგრძელებთ.

ქეთევან სხილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი:ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკური პრობლემების დაძლევა იქნება. მსოფლიო ეკონომიკას საფუძველი სერიოზულად შეერყა. ტურიზმი და ნავთობის ინდუსტრია, ფაქტობრივად, განადგურდა.

კოვორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული ემოციური და სულიერი ტრავმა დიდხანს გაგვყვება. ნებისმიერ ხალხმრავალ ადგილზე რომ წარმოვიდგენ თავს, უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება. არც თუ ისე ცოტა დრო დასჭირდება ფსიქოლოგიური და ემოციური კლიმატის გაჯანსაღებას. პანდემიის პირობებში ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი გაიზარდა და ვფიქრობ, სამომავლოდ ამ პრობლემის დაძლევაც სერიოზული გამოწვევა იქნება.

თამაზ ლომიძე, პედაგოგი: -სკოლაში მისვლა და მოსწავლეებთან საუბარი ძალიან მომენატრა. ინტერნეტის საშუალებით დავალებებსაც ვუგზავნი, მაგრამ ფიზიკა-მათემატიკის ასე დისტანციურად სწავლება რთულია. ხუთიდან ორ მოსწავლეს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე, ზოგს ტელეფონიც არ აქვს. ონლაინ გაკვეთილის დროს მოსწავლეს იმდენს ვერ იტყვი, რასაც კლასში ცოცხალი ურთიერთობისას, თუნდაც იმიტომ, რომ მისმა მშობლებმა საკმარისი ინტერნეტპაკეტი ვერ შეიძინეს.

მანანა ტაბაშიძე, ა/ო „წიფლარის“ ხელმძღვანელი: -ჩემთვის ხარაგაულის აბსოლუტურად ცარიელი ქუჩების დანახვა შემზარავი იყო. აღდგომას დედაჩემის საფლავზე ვერ მივედი. ორ თვეზე მეტია, შვილიშვილები არ მინახავს, რაც ჩემზე ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს. გამოწვევაა ის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების საჭიროებები სათანადოდ ვერ შევისწავლეთ. როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ამ საკითხის დაყენებას მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვაპირებ, რომ სამომავლოდ მაინც ვიცოდეთ, რა უჭირს და რა ულხინს თითოეულ მოსახლეს.

თემურ ფცქიალაძე, საკრებულოს წევრი: -რაღაც განსაცდელს ველოდი, მაგრამ მსოფლიო თუ ასე დაპაუზდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. დიდი შეცდომა დაუშვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, როცა თავიდანვე სათანადოდ არ დათვალა რისკები. ჩვენს სინამდვილეში, უსაფრთხოების ზომების გასამკაცრებლად, დიდი როლი ითამაშა  ძირულას ხეობის მოსახლეობის პროტესტმა, რომ ავტობანზე დასაქმებული ჩინელები იზოლირებული ყოფილიყვნენ. ჩემი და ეპიდემიოლოგია და ეგ საკითხები კარგად ვიცი. საქართველომ იტალიასთან საზღვრების ჩაკეტვა ცოტა დააგვიანა. საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა აქვთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ გაუფრთხილებლობის გამო, იქ დიდი მსხვერპლია.

პანდემიამ დაგვანახა, რომ საკრებულომ, როგორც საკანონმდებლო ორგანომ ადგილზე კონტროლი უნდა გააძლიეროს. მთავარი, რითაც გადავრჩით, უფლის წყალობა და ლოცვაა.

ნინო კაპანაძე