ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივის „ვიმსჯელოთ ერთად“ ფარგლებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარი საკითხები 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის (ეთიკის) კოდექსის პროექტი და პანდემიის პირობებში მიმდინარე საარჩევნო საქმიანობების განხილვა იყო.

ონლაინ შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და „ვიმსჯელოთ ერთად“ შეხვედრის ფორმატის შესახებ ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, სასურველია, ასეთი შეხვედრები ახლო მომავალშიც დისტანციურად გაიმართოს.

მისი მოსაზრება შეხვედრის მონაწილეებმაც გაიზიარეს. თამარ ჟვანიამ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში ახორციელებს.

შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა განახლებული ქცევის (ეთიკის) კოდექსის პროექტი გააცნო, რომელშიც ახალი გამოწვევების შესაბამისი, მნიშვნელოვანი ინიციატივები არის ასახული; საარჩევნო ადმინისტრაციამ ქცევის კოდექსის წარდგენით სამოქალაქო სექტორთან ერთად დაიწყო სამუშაო პროცესი იმისათვის, რომ ერთობლივად შემუშავდეს საბოლოო დოკუმენტი.

ონლაინ შეხვედრას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების  და ცესკოს 33 წარმომადგენელი ესწრებოდა.

წყარო