ხათუნა კაკიაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნებოძირში ცხოვრობს. ის მოლითის საჯარო სკოლაში ხელოვნების პედაგოგია. ძალიანაა დაინტერესებული მებაღეობით და შეიძლება ითქვას, რომ მცენარეებთან ურთიერთობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მოყვარულ მებაღესთან საუბრისას, მივიღეთ ყვავილების მოვლასთან დაკავშირებით, საინტერესო რჩევებიც მივიღეთ.

ჩემი ყოველი დილა ყვავილების შემოვლით იწყება, – ამბობს ქალბატონ ხათუნა, – ყვავილების ბაღში თითქოს სხვა განზომილებაში გადავდივარ, დანარჩენი ყველაფერი მავიწყდება. ვამბობ ხოლმე, მასწავლებელი რომ არ ვიყო, აუცილებლად მებაღე ვიქნებოდი.

– როგორ უნდა ვიურთიერთოთ მცენარესთან?

– მცენარე ცოცხალი ორგანიზმია. როგორც ყველა სულიერს, მასაც სითბო და სიყვარული სჭირდება. ის ყოველთვის გრძნობს, როცა მასთან ახლოს ხარ, ეფერები და ესაუბრები. მცენარის მოვლა მხოლოდ წყლის დასხმა არაა. ყველა მცენარეს ინდივიდუალური მოვლა სჭირდება.

– ხარაგაულის ნიადაგსა და კლიმატს რომელი ყვავილები ეთვისებიან ყველაზე მეტად?

– ჩვენს კლიმატს ადვილად ეთვისებიან ყინვაგამძლე მცენარეები, მაგალითად: ზამბახები, ვარდები, ბალბისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, ტუხტი, ასტრები, ცინიები, გეორგინები, გლადიოლუსები. ჩვენთან ბანანის ხე და პალმაც ხარობს, მაგრამ უჭირთ კლიმატთან შეგუება.

– როგორ გავახაროთ და მოვუაროთ ოთახის ყვავილებს?

– ოთახის ყვავილებს ყოველდღიური მოვლა სჭირდება. ოთახის იები ფოთლებისგან გავახარე. მათ მსუბუქი ნიადაგი და სინათლე უყვართ, თუმცა – არა მცხუნვარე მზე. წყალი, რომლითაც მცენარეებს ვრწყავთ, ცივი არ უნდა იყოს. ზომიერად უნდა დავასხათ ისე, რომ ფოთოლზე არ მოხვდეს. უმჯობესია ქოთნის კიდეზე თუ დავასხამთ. წელიწადში რამდენჯერმე სჭირდებათ შეწამვლა მავნებლებზე. რაც შეეხება ბალბებს, ისინი ძალიან იოლად მოსავლელები არიან. მხოლოდ ნოყიერი მიწა და წყალი სჭირდება. კაქტუსებს ბევრი წყალი არ უყვართ. ცხელ ჰავას, მზის სხივებს არიან მიჩვეულები. უმჯობესია, ამომავალი მზის მხარეს თუ დავდგამთ.

– მაისში ვარდები ჰყვავიან, მითხარით როგორ უნდა მოვუაროთ მათ? როდის და როგორ გავსხლათ? როდის დავრგოთ?

– ვარდი მარტში უნდა გაისხლას. ორ-სამ საღ ღეროს ვუტოვებ, მეტს არა. რადგან ბევრი ღეროს დატოვების შემთხვევაში, ის უხვად არ იყვავილებს. დაბალზე უნდა გაისხლას. ვარდი შემოდგომას უნდა გადაირგოს, ნიადაგს რომ შეეჩვიოს და გაზაფხულზე იყვავილოს. ვარდი აუცილებლად უნდა შეიწამლოს, რადგან მავნებლები ჰყავს. ასევე კარგია, თუ ბუნებრივი სასუქებით გაჯერებული მიწა შემობარული ექნება გარშემო.

ვარდებს კალმითაც ვახარებ, მიწა სილანარევი უნდა იყოს. შემოდგომაზე მოჭრით ვარდის ტოტს, რომელიც ფანქრის სიმსხო უნდა იყოს, ძალიან წვრილი ტოტი არ ვარგა. ვრგავთ ღრმად, ზემოთ ვუტოვებთ ორ-სამ კვირტს. შემდეგ ვაფარებთ მინის ჭურჭელს, რომ დაისათბუროს. გაზაფხულზე უკვე ფოთოლი ექნება.

– მაისში რა სამუშოებია ჩასატარებელი ბაღში?

– თუ ჩითილები გვაქვს, კარგია მაისში მათი გადარგვა. მაისში ტიტებს ფოთლები უყვითლდება და ხმება. ამიტომ ბოლქვები უნდა ამოვიღოთ და ჩრდილშიგამოვაშროთ. შემოდგომაზე, კონკრეტულად კი ნოემბერში, ეს ბოლქვები უნდა დაირგოს.

– რომელია თქვენი ბაღის ყველაზე ეგზოტიკური და უცხო მცენარეა?

– წითელი ჰიბისკუსი, – პატარა ხე ყვავილია, რომელსაც ზომაზე დიდი წითელი ყვავილები აქვს. ყინვაგამძლე მცენარეა და ორი-სამი მეტრი სიმაღლის იზრდება. ასევე – ველური ჰორტენზია, რომელიც შემოდგომამდე ჰყვავის და სხვადასხვა ფერის ყვავილები აქვს. მაქვს ასევე პატარა პალმა, რომელიც თესლით გავახარე.

– საშემოდგომოდ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბაღში?

– შემოდგომაზე უნდა ამოვიღოთ გეორგინისა და გლადიუსის ბოქვები, გავაშროთ და მუყაოს ყუთში შევინახოთ. დარგვისას კი უნდა დავშალოთ და სანამ არ ამოვა, მანამდე უნდა მოვრწყათ.

– როგორ უნდა ავიღოთ ყვავილის თესლი?

– ყვავილის თესლი უნდა ავიღოთ მაშინ, როდესაც ის მოილევა და ხმობას დაიწყებს. შემჭკნარი ყვავილი უნდა მოვჭრათ მთლიანად და შევინახოთ. უმჯობესია, თუ მათ გაზაფხულზე დარგვისას დავშლით. რაც შეეხება პეტუნიას, მისი თესლი უნდა ავიღოთ მანამ, სანამ გახმება. უნდა მოვჭრათ ყვავილი და შევინახოთ.

ყვავილები თუ გიყვარს, მათ მოვლასაც ადვილად ისწავლი. ერთხელ ნებოძირიდან თბილისში წავედი სამი კგ ტორფიანი მიწის საყიდლად, რადგან ის ჩემს იებს სჭირდებოდა. მცენარეების სიყვარული ადამიანს ამშვიდებს და მრავალ ნერვულ დაავადებას კურნავს.

გაახარეთ ყვავილები და გაიხარეთ თქვენც.

ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოები აღებულია ხათუნა კაკიაშვილის ფეისბუქგვერდიდან