რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა.

სამუშაო პროცესი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთზე სულ 12.2 კმ-იანი ცემენტო-ბეტონის 4 -ზოლიანი გზა, 37 ხიდი და 20 გვირაბი აშენდება. პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან 16-ზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე გრძელდება პროექტით გათვალისწინებული 37 ხიდიდან, 18-ის მშენებლობა.

ამასთანავე, უკვე დაწყებულია საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდის მშენებლობა, რომელსაც 22 ბურჯი ექნება და სიგრძით 1 320 მეტრი იქნება. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 11 ბურჯზე მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქარსელაძემ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი. მშენებლობა ეტაპობრივად 2022 წელს დასრულდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში დღეს ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება, გლობალური პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა.

„ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის საქართველოს მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით 388 კილომეტრია. ეს არის მონაკვეთი, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას აერთებს ჩინეთთან და ამ გზის დროულად დამთავრებას აქვს უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა. ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას, ამ რეგიონში მცხოვრებლებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2019 წელს რიკოთის პროექტებზე დასაქმებული იყო 5 ათასი ადამიანი. დასაქმებულთა 70-80% საქართველოს მოქალაქეა. გზის დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოების დაწყების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდება.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მოედნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში.

სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს რიკოთის უღელტეხილის უბისა-შორაპნის მონაკვეთზეც. ამ ეტაპზე შენდება 12 გვირაბი და 21 ხიდი. გზის ამ მონაკვეთზე, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, 2 გვირაბი გაიჭრება. უბისა-შორაპნის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებულია 13 კმ სიგრძის ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 18 გვირაბის და 27 ხიდის მშენებლობა.