მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებამ ბევრი ადამიანის დღის წესრიგი შეცვალა. განსხვავებულ ვითარებაში აღმოჩნდნენ მასწავლებლები, ლექტორები, მოსწავლეები თუ სტუდენტები. ზოგიერთ მათგანს ამ პერიოდის გატარება შორს, სახლიდან ასეულ-ათასობოთ კილომეტრით დაშორებულს, მოუწია.
ხარაგაულელი ანა დეკანოსიძე იზოლაციის დღეებს გერმანიის ბრანდებურგის მხარეში, ქალაქ ოდერის ფრანკფურტში ატარებს. მან ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის კულტურის კვლევების სამაგისტრო კურსის სტიპენდია 2019 წლის დეკემბერში მოიპოვა.
ანა დეკანოსიძე გერმანიაში სწორედ მაშინ გაემგზავრა, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გამგზავრება სწავლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, 6 მარტს მოუწია, რადგან უნივერსიტეტში გერმანული ენის კურსი უნდა გაევლო.
„გერმანულის კურსი რომ არა, ალბათ ფრენა აპრილისთვის დაიგეგმებოდა და ვერც წავიდოდი“, – გვიამბობს ანა, – მაშინ ვინ იფიქრებდა, თუ ასეთი ვითარება იქნებოდა. აეროპორტში ყველა პირბადითა და სადეზინფექციო საშუალებებით გადაადგილდებოდა. ოდერის ფრანკფურტი ბერლინთან საკმაოდ ახლოსაა და კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ერთ-ერთი უსაფრთხო მხარეა. მალევე შემოიღეს რეგულაციები: დისტანციები მაღაზიაში, არ შეიძლებოდა 5 ადამიანზე მეტის შეკრება, პოლიცია აკონტროლებდა ქუჩებს.
როცა ვითარება უფრო გამწვავდა, სადარბაზოების დეზინფექცია დაიწყეს. საერთო სამრეცხაოებში მონეტების გამოყენება აკრძალეს. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჩვენს კორპუსსა და უნივერსიტეტში არ დაფიქსირებულა, თუმცა ბევრი სტუდენტი, დაძაბული ვითარების გამო, შინ დაბრუნდა“.
გერმანიაში ჩასვლიდან ერთ კვირაში ანას შეატყობინეს, რომ გერმანული ენის კურსი გაუქმდა და უნივერსიტეტში სწავლების პროცესი ონლაინ რეჟიმში გადადიოდა. ანას თქმით, პრაქტიკული სწავლება, უნივერსიტეტში სიარული, განსხვავებულ გარემოში ყოფნა საინტერესო იქნებოდა. თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. უნივერსიტეტი პანდემიით გამოწვეულ სიტუაციას სწრაფად მოერგო. საუნვერსიტეტო ქალაქში დარჩენილ სტუდენტებს კოორდინატორები ყოველდღე ეხმიანებოდნენ.
„მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით. სასწავლებლად BigBlueButton პროგრამას ვიყენებთ. გვაქვს ონლაინ აპლიკაციები, ონლაინ სავარჯიშოები, პრეზენტაციები. ლექტორები მცირე ქვეჯგუფებად გვყოფენ. ყურადღებით გამოირჩევიან სტუდენტების მიმართ, განიცდიან თუ ვინმე არ აქტიურობს.
იგრძნობა, რომ დიდ პატივს გცემენ. როგორც კოლეგას, ისე მოგვმართავენ. ახლა ხუთ საგანს ვსწავლობ და ყველა სხვადასხვა ტიპისაა. ყველა ისეთი საგანი ავირჩიე, რაშიც წინარე ცოდნა მქონდა“.
ანასთვის მარტივი არ იყო უცხო ქალაქის შეჩვევა. ოდერის ფრაკნფურტში ინგლისურად იშვიათად საუბრობენ. ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაც დამოუკიდებლად მოახერხა. ანასთვის ეს პირველი გაცვლითი პროგრამაა. მისივე თქმით, საკუთარ თავში ბევრი ახალი თვისება აღმოაჩინა, უფრო დამოუკიდებელი გახდა.
როცა ქალაქში ვითარება გამწვავდა, მაინც დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მარტივი არ იყო. თუმცა მიიჩნევს, რომ საკუთარი საქმე მეტად დააფასა და მიხვდა, რომ გადაულახავი არაფერია.
„თავიდან ყველაფერი რთულად ჩანდა. მარტო ცხოვრებაც საერთო საცხოვრებელში ერთგვარი გამოწვევა იყო. არაკომფორტულია, როცა იზოლაციაში მყოფს საკვები პროდუქტების მოსატანად ჩანთებით ხელში დღეში რამდენიმეჯერ მიწევდა საცხოვრებელსა და მარკეტს შორის გადაადგილება.
მიხარია, რომ ახლა მარტო აღარ ვცხოვრობ. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ შეეჩვევი ოთახის მეზობელს, ესეც გარკვეულ ნებისყოფას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის დიდი კულტურული განსხვავებაა, ერთმანეთის პატივისცემით ვცხოვრობთ. ჩვენს აზრებს ვუზიარებთ და ვმეგობრობთ.
ანას თქმით, ახლა გერმანიაში ვითარება შეიცვალა. შეზღუდვები იხსნება და იქ ცხოვრება უფრო სასიამოვნო ხდება.
„წინა პარასკევს კაფეები გახსნეს. მზიანი ამინდებია, ადამიანები ნელ-ნელა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან, მაგრამ მუზეუმები და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები ჯერ დაკეტილია. დისტანცირება ისევ მთავარი მოთხოვნაა. ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადის გარეშე შესვლა არ შეიძლება.
ოდერის ფრანკფურტი საუნივერსიტეტო მშვიდი ქალაქია. ჩვენი სახლი სიმწვანეშია, ტყეებსა და პარკებთან ახლოს. ირგვლივ უამრავი საერთაშორისო პროგრამის სტუდენტი ცხოვრობს. ადგილობრივები ძალიან ყურადღებიანები არიან. აქამდე მხოლოდ ფეხით გასეირნება შეგვეძლო. ახლა სტუდენტები ბერლინში წასვლას და რამდენიმე ექსკურსიას ვგეგმავთ. ვირუსთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ“.
სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსს ანა აგვისტოში ამთავრებს. მომავალზე ჯერ დაზუსტებით ვერაფერს ამბობს, რადგან ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. ფიქრობს, რომ აქ მიღებულ ცოდნას მაქსიმალურად გამოიყენებს. ამ რთულ პერიოდში გერმანიაში დარჩენის გადაწყვეტილება მეტად მოტივირებულს ხდის, რომ არჩეულ სფეროში უფრო მეტი გააკეთოს.
თამარ ჩხიკვაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი