კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება. თუმცა, როდის შევძლებთ პანდემიამდე ცხოვრების სტილის დაბრუნებას, ჯერჯერობით, უცნობია. ამის მიუხედავად, ორგანიზაციების ნაწილი საქმიანობის განახლებას გეგმავს.

როგორ აპირებს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი შეზღუდვების გაუქმების შემდეგ საქმიანობის გაგრძელებას, როდის დაიწყება უსინათლოთა პროექტის განხორციელება ხარაგაულში და რა ინფრასტრუქტურული პრობლემები რჩება მოსაგვარებელი, – ამ საკითხებზე ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი გვესაუბრება.

– კორონავირუსის პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ყველანაირი სამუშაო პროცესი შევწყვიტეთ და სახლებში გამოვიკეტეთ. ბიბლიოთეკა და მუზეუმი დაიხურა. ქორეოგრაფიულ და სიმღერის ანსამბლებში რეპეტიციები შეწყდა. ახალ სპექტაკლზე მუშაობა შეჩერდა. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ყველა თანამშრომელზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.

ჯერჯერობით, არანაირი რეკომენდაცია ან მითითება არ მიგვიღია, თუ რა ფორმით და როდის შევძლებთ საქმიანობის განახლებას. ალბათ, ვირუსთან ერთად ცხოვრებას უნდა შევეჩვიოთ და ღონისძიებები ჩვენი ექიმების მითითებების გათვალისწინებით დავგეგმოთ.

ხარაგაულში ივნისში ტრადიციული ქორეოგრაფიული ფესტივალი „კიდევაც დაიზრდებიან“ უნდა გამართულიყო. ასევე დაგეგმილი გვქონდა ხარაგაულის სიმღერის ანსამბლების კონცერტი, რომელზეც ბევრ ახალ სიმღერასთან ერთად კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძის ხარაგაულისადმი მიძღვნილ სიმღერასაც შევასრულებდით. ეს ღონისძიებები რამდენი თვის დაგვიანებით ჩატარდება.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, პირველ რიგში, მუშაობას ბიბლიოთეკა და მუზეუმი დაიწყებს, უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით. 10 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვის მოხსნის შემდეგ სიმღერის ანსამბლებისა და თეატრის რეპეტიციების განახლებას ვგეგმავთ. ასევე განახლდება ხარაგაულის საბალეტო სტუდიის მეცადინეობები უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე 2017 წლიდან უსინათლოთა პროგრამა ხორციელდება. წელს ამ პროგრამისათვის ააიპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ბიუჯეტში 11 800 ლარია გათვალისწინებული. დაგეგმილი მეცადინეობები აპრილიდან უნდა განახლებულიყო. პროექტის ავტორ ზურაბ გოხაძესთნ შეთანხმებით, პროგრამა გადაკეთდება და ის შესაძლოა ექვსთვიანი გახდეს. უსინათლოთა პროექტი ბიბლიოთეკის გახსნისთანავე განახლდება.

კორონავირუსის პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე ოპერის მომღერალ მამუკა ლომიძესთან ერთად საოპერო მომღერალის შოთა კიკნაძის 100 წლის საიუბილეო საღამო დავგეგმეთ. პროექტი განსახილველად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გავაგზავნეთ. ჩვენი ინფორმაციით, პროექტი მოიწონეს და განხორციელებისათვის ხელშეწყობასაც გვპირდებოდნენ. თუმცა, შექმნილი მდგომარეობის გამო, სამინისტროში პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღება გადავადდა.

კულტურისა და ხელოვნების ცენტრში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად, სავარაუდოდ, ივნისში ტენდერს გამოვაცხადებთ ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის სარეპეტიციო დარბაზების მოსაწესრიგებლად. ერთი სარეპეტიციო დარბაზი სასამართლოს ყოფილი შენობის პირველ სართულზეა. იქ კოსმეტიკური რემონტის გარდა, მოსაწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა, წყლის სისტემა და სველი წერტილები. უკვე წლებია, სველი წერტილის გარეშე ფუნქციონირებს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაც. ასევე მოსაწესრიგებელია ხარაგაულის კინოთეატრის სარეპეტიციო დარბაზის იატაკი და მუზეუმის ერთ-ერთი კედლის გარე ფასადი და წყლის სადინარი“, – ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი.

თამთა გოგოლაძე