ცხრა წლის წინ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ერთი მსახიობის ლიტერატურულმა თეატრმა და მისმა ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ დააფუძნა. წელს კონკურსი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, რადგან მასში მონაწილეობის უფლება ჰქონდა თუნდაც ერთი წიგნის ავტორს და რომელიმე ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულს.

„ოდეონი“ ღორეშის მემორიალური მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

„კონკურსი საქართველოს მასშტაბით ტარდება, – აღნიშნა იზა ვეფხვაძემ, – კონკურსის თემაა „ნაპირი.“ 37 კონკურსანტი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. დავაწესეთ ფულადი პრემიები პირველი, მეორე და მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტებისთვის.

ღორეშის მუზეუმის დირექტორმა პავლე ჯიბუტმა პრემია 200-200 ლარით გაზარდა. ამიტომ პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი მიიღებს 700 ლარს, მეორე ადგილზე გასული – 500 ლარს, მესამე ადგილის მფლობელი – 400 ლარს.

„პიონერფილმის“ ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ დააწესა პრემია 50 ლარი კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილესთვის.

„ოდეონის“ გამარჯვებულებს ჟიური ორ კვირაში გამოავლენს.“

odeoni_2014

„ოდეონის“ ორგანიზატორები მადლობას უხდიან „ოდეონის“ მხარდამჭერებს:
ღორეშის მუზეუმს, რომელმაც კონკურსანტებს საკუთარი ეზო დაუთმო, საპრიზო ფონდი გაზარდა და კონკურსანტთა კვებაშიც გარკვეული მონაწილეობა მიიღო;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობას;
ღორეშაში გამგებლის წარმომადგენელს, მაჟორიტარ დეპუტატს და სოფლის მოსახლეობას;
კონკურსის ლოგოს ავტორს დავით სულაქველიძეს;
საინფორმაციო მხარდაჭერისთვის გაზეთებს „ჩემი ხარაგაული“ და „ჩვენი მწერლობა,“ გადაცემა „საგანძურს“;
სასაუზმეებს „მალხაზის“ და „ედემის ბაღს,“ რომლებმაც უზრუნველყვეს კონკურსანტების კვება.

ჟიურის წევრი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე მოხარულია, რომ ლიტერატურული კონკურსი„ოდეონი“ იმერეთის ულამაზეს კუთხეში ტარდება.

„ამ კონკურსით ჩანს მისი ორგანიზატორის, იზა ვეფხვაძის სიყვარული სამშობლოსადმი. წინა კონკურსები მცირე მასშტაბის იყო და მასში მხოლოდ ხარაგაულელები მონაწილეობდნენ. მნიშვნელოვანია, რომ როსტომ ჩხეიძე დათანხმდა ჟიურის თავმჯდომარეობას. ჟიურის ყველა წევრი ლიტერატორი და მეცნიერია და ამით კონკურსის თამასა, შემოქმედებთი თვალსაზრისით, გაიზარდა. დარწმუნებული ვარ, კონკურსი შედეგიანი იქნება მთელი საქართველოსთვის. ბედნიერი ვარ, რომ აქ, ამ დალოცვილ მიწაზე, სიყვარულის ცეცხლი ტრიალებს. ასეთ სამყაროში ყოფნისას იმედი გაქვს, რომ გადარჩება საქართველო,“ – ამბობს ივანე ჯაფარიძე.

კონკურსანტი ვალერი გოგნაძე, რომელიც წინა წლებში „ოდეონის“ ჟიურის წევრი გახლდათ, აღნიშნავს, რომ კონკურსის თემა „ნაპირი“ მიმზიდველი, ფილოსოფიური და საინტერესოა,ზოგადად კონკურსი კი რომანტიული და შინაარსიანი.

„მადლობა უფალს, რომ ამ დიდებულ საზოგადოებაში მოვხვდი. მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს გაწეული შრომისთვის“ – აღნიშნა კონკურსანტმა ფრიდონ მაღრაძემ.

„ყველა თემა შესანიშნავია, თუ წერას ყავხარ ატანილი, – ამბობს კონკურსის მონაწილე მამუკა ჭიპაშვილი, – ჯერჯერობით ვბორგავ, ხან ერთ ნაპირს მივაწყდები, ხან მეორეს, მორევში ვარ. პროზა ავირჩიე და ვნახოთ, რა გამომივა.“

ჟურნალისტი ირმა მარდალეიშვილი დიდი ხანია „ოდეონის“ გულშემატკივარი და მხარდამჭერია. მან გასულ წელს გაზეთში „იმერეთის მოამბე“კონკურსი ფართოდ გააშუქა. ირმა მიიჩნევს, რომ არაჩვეულებრივად ორგანიზებულ კონკურსზე საინტერესო ნაწარმოებები შეიქმნება.

მწერალ გიზო თავაძის აზრით კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების წარმოჩენას.

კონკურსანტი მაია მიქაია ამბობს, რომ კონკურსი ორიგინალური და განსხვავებულია. „ცოტა არ იყოს მეშინოდა, რადგან ძნელია ასე შეკვეთით დაწერა. კარგი თემაა, სიტუაცია და გარემო უთბილესი და არაჩვეულებრივი,“ – აღნიშნავს იგი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინგა მაღრაძის თქმით, ღორეშის მუზეუმის ეზოში ბევრი განსაკუთრებული საღამო გამართულა და „ოდეონი“ გამორჩეულია მათ შორის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი მოხარულია, რომ კონკურსი გაფართოვდა და მასში ჩაერთვენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები.

„ხარაგაული დიდი კულტურული ტრადიციების მქონეა და ამიტომ ამ სფეროს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს ხარაგაულში ასეთი მასშტაბური ღონისძიების გამართვისთვის,“ – აღნიშნა გამგებელმა.

კონკურსის ფარგლებში, დღის ბოლოს, გაიმართა ლიტერატურული თეატრის სპექტაკლი „მთამ დაგილოცა სავალი გზები,“ რომელიც დეკანოზ თავმასი ჩოხელის შემოქმედებას მიეძღვნა. შესანიშნავი ლექსების ავტორი განსხვავებული კუთხით წარმოაჩინა იზა ვეფხვაძემ დამსწრეთა წინაშე.

სპექტაკლის შემდეგ ბენილუქსის ქვეყნების ეპარქიის არქიმანდრიტმა მეუფე დოსითემ (ბოგვერაძე) აღნიშნა, რომ საოცრად ააღელვა დეკანოზ თავმასი ჩოხელის შემოქმედებამ და მისი ლექსები ყველა ჩვენგანის გულსა და სულ მისწვდა.

„არაჩვეულებრივია, რომ ამ საინტერესო კონკურსის ფარგლებში გაიმართა ეს სპექტაკლი. მადლობელი ვართ თქვენი, ქალბატონო იზა, თქვენი კოლექტივის და გუნდის წევრების, გასაკუთრებით მამა თავმასის, ასეთი ულამაზესი, გულში ჩამწვდომი, რაღაც შინაგანი სიღრმით სავსე საღამოსთვის,“ – აღნიშნა მეუფემ.

უბისის მამათა მონასტრის მოძღვარმა მამა მათემ (ბუაჩიძე) დიდი ხნის მეგობარ მამა თავმასიზე საუბრისას აღნიშნა, რომ მასში აფასებს უდიდეს თავმდაბლობას. მანვე დეკანოზ თავმასი ჩოხელს შემოქმედებითი წარმატებები, რწმენაში გაძლიერება, ფიზიკური დ სულიერი ჯანმრთელობა უსურვა.

ისტორიკოს ჯუმბერ კოპალიანის თქმით, საქართველოს ვერავინ მოერევა და ჩვენი ქვეყანა მდიდარი კულტურით გადარჩება.

„მისი უკვდავების ერთ-ერთი გამოვლინებაა დღევანდელი დღე,“ – დასძინა ბატონმა ჯუმბერმა. პოეტმა სოსო ნადირაძემ მადლობა გადაუხადა იზა ვეფხვაძეს დიდი შრომისა და დეკანოზ თავმასი ჩოხელის შემოქმედების საინტერესოდ წარმოჩენისთვის.

თავის მხრივ დეკანოზმა თავმასი ჩოხელმა დიდი მადლიერება გამოხატა ღონისძიების ორგანიზატორებისადმი. „ოდეონის“ მონაწილეები 24 აგვისტოს, სხვა სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად დეკანოზ თავმასი ჩოხელის წიგნებითა და მის ლექსებზე შექმნილი სიმღერების დისკებით დაჯილდოვდნენ.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ლიტერატურული კონკურსის „ოდეონი 2014“ მონაწილეთა ერთი ჯგუფი