ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასა და საღანძილეში, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში საბავშვო ბაღებს ამხანაგობა „იმერეთი და ხურო“ აშენებს. მშენებლობის პროცესი კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე კვირით შეჩერდა.

„სამუშაოები განვაახლეთ. ვერტყვიჭალაში პირველი სართულის გადახურვა ამ კვირაში დასრულდება  და მეორე სართულის წყობას დავიწყებთ, – ამბობს ამხანაგობის დირექტორი რუბენ ჩინჩალაძე, – საღანძილეში კედლების ამოყვანა დავასრულეთ, შემდეგ კვირაში სახურავის დასხმას დავიწყებთ. ქვედა საზანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა ამ ორი ბაღის მშენებლობის ტემპს ცოტათი ჩამორჩება, იქ ჯერ კედლების ამოყვანა მიმდინარეობს.

რომ არა იძულებით გაჩერება, გადახურვა დასრულებული გვექნებოდა და მოპირკეთების სამუშაოებს დავიწყებდით. სამუშაოების შეჩერების გამო, ალბათ, დასრულების ვადები შეიცვლება, რამდენი ხნით – ამას სამუშაოები გვიჩვენებს“, – ამბობს რუბენ ჩინჩალაძე.

საბავშვო ბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.

ფოტოზე: ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის მშენებლობა.