უწყების ცნობით, 25 მაისიდან აღდგება მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის, ვინც ელექტრონული ჯავშანი განახორციელა და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო აღნიშნული სერვისით ვერ ისარგებლა. 

ამ პირებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვისცენტრში, სადაც  ჯავშანი აქვთ დარეგისტრირებული. 

ამასთანავე, 25 მაისიდან სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმის საფუძველზე არის შესაძლებელი. 

ელექტრონული ფორმის შევსებას  სააგენტოს ვებგვერდიდან შეძლებთ.

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.