დღეს, 20 მაისს, სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი გაისმა. წელს პირველად, „ბოლო ზარი“ დაცარიელებულ  სკოლაში,  მოსწავლეების გარეშე დაირეკა.

ხარაგაულის #3 სკოლამ სოციალურ ქსელში თავიანთი კურსდამთავრებულების მისალოცი ვიდეო სწორედ მაშინ განათავსა, როცა საათი თორმეტს გადაცდა და 20 მაისს მათი დისტანციური „ბოლო ზარი“ დაიწყო.

ვიდეოში კლასის დამრიგებელი  ნამი კერესელიძე და მასწავლებლები  მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ.

სკოლასთნ გამომშვიდობება ძალიან ამაღელვებელი და ემოციური მომენტია ყველას ცხოვრებაში. ამიტომ გვინდოდა, ამ რთულ ვითარებაში ეს დღე  მათთვის გაგვეხალისებინა, – ამბობს  ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე.  მე და მე-12 კლასის დამრიგებელმა ნამი კერესელიძემ კლასი მოვრთეთ, ჩვენი მეთორმეტეკლასელების სკოლის დამთავრების გამოსახატად ფრანი გავუშვით, გავიხსენეთ ერთად გატარებული დაუვიწყარი წუთები.  საოცრად ემოციური და თბილი წერილები მოგვდიოდა. მართალია, პანდემიამ მათ ხელი შეუშალათ „ბოლო ზარის“ აღნიშვნაში, მაგრამ ამ ვიდეოს დახმარებით მათი გაღიმება შევძელით. მარინა ხვედელიძე ყველა  აბიტურიენტს  ულოცავს სკოლის დამთავრებას და მათ ჯანმრთელობასა და ფერად ცხოვრებას უსურვებს.

ემოციური აღმოჩნდა ვიდეოს ნახვა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მე-12 კლასელი მონიკა ბუცხრიკიძისთვის. მონიკას თქმით, როგორც კი ვიდეო დაინახა, განსხვავებული ემოცია დაეუფლა, რადგან ამ დროს სკოლაში უნდა ყოფილიყო. 

– დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ  ვიდეომ  ჩემზე, ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც გვიჭირს ერთმანეთთან დამშვიდობება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ კარანტინის შემდეგ შეხვედრას მოვახერებთ. შეიძლება, ახლა ყველა აბიტურიენტს ფსიქოლოგიურად რთული პერიოდი აქვს, მაგრამ უნდა გავმხნევდეთ, რადგან სულ ცოტა დარჩა იმ ნაბიჯამდე, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით”. 

დისტანციური მილოცვის გარეშე არ დარჩენილან ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მომავალი პირველკლასელებიც.  დამრიგებელმა თამარ სხილაძემ წინასწარ ჩაწერილი ვიდეოს საშუალებით მათ  კეთილი სურვილები უსურვა, სექტემბერში შეხვედრას შეჰპირდა და  პარალელურად, თავის მეოთხე კლასელებსაც დაემშვიდობა. 

დისტანციურად მიულოცა „ბოლო ზარი“ მოსწავლეებს #2 საჯარო სკოლამაც.  დირექტორმა ვალერი გოგნაძემ  კურსდამთავრებულებსა  და პირველკლასელებს  ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებით გადასვლა უსურვა. 

განსაკუთრებით ემოციური და მხიარული აღმოჩნდა მე-12 კლასელების გამოსამშვიდობებელი ვიდეო, რომელიც მათმა დამრიგებელმა მარინა მაღრაძემ გიგა ხიჯაკაძესთან ერთად მოამზადა.

– გული მწყდება, რომ მეთორმეტეკლასელებმა პანდემიის პირობებში „ბოლო ზარზე“  იმ გეგმების განხორციელება ვერ შეძლეს, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ, თუმცა ასე ვეცადეთ მათ გაღიმებას. ვულოცავ კურსდამთავრებულებს ამ დღეს და წარმატებას ვუსურვებ“,- ამბობს მარინა მაღრაძე.

უცრემლოდ არ ჩაუვლია ამ მომენტს ხარაგაულის #2 სკოლის კურსდამთავრებულ გუგა ბერაძისთვისაც, რომლისთვისაც სკოლის ბოლო დღეს ამ ვიდეოს ნახვა ძალიან ემოციური აღმოჩნდა. გუგას თქმით, სასწავლო პროცესს სირთულეები ახლდა. თუმცა ახლა ეროვნულ გამოცდებს ელოდება და თითოეულ მე-12 კლასელს ოცნებების ახდენას უსურვებს. 

ფოტოზე: ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე

თამარ ჩხიკვაძე