ამის შესახებ ინფორმაცია „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, პაციენტი პირველად სტაციონარში 12 აპრილს მოათავსეს. მკურნალობის შემდეგ, ლაბორატორიული კვლევების შედეგად, მასზე კორონავირუსის ორივე ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. პაციენტი გაეწერა და საკარანტინე ზონაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც მას კორონა ვირუსი განმეორებით დაუდასტურდა. 

ხელახალი დადასტურების შემდეგ პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. ქამუშაძის თქმით, მას გართულებები არ აღენიშნება და მდგომარეობა სტაბილურია. 

აღნიშნული შემთხვევის შესახებ პაატა იმნაძემ გასულ საღამოს ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ აღნიშნა, რომ ვინაიდან კორონავირუსი მეცნიერებისთვის, ჯერჯერობით, ამოუცნობი დაავადებაა, გამოჯანმრთელებულ პაციენტს 2 კვირის განმავლობაში საზოგადოებაში არ აბრუნებენ.

ეს არ არის ახალი და უჩვეულო შემთხვევა. ეს ჯერ კიდევ ჩინეთში იყო დაფიქსირებული, მერე კორეაში, თუ არ ვცდები, 150-მდე ასეთი შემთხვევაა აღწერილი. სწორედ ამიტომ არის ეს დაავადება ვერაგი და მეცნიერებისთვის, ჯერჯერობით, ბოლომდე ამოუცნობი, რომ ასეთი რაღაცები ახასიათებს. ჩვენ გვყავდა საქართველოში პაციენტი, რომელიც იმის შემდეგ, რაც აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ორი თვე იყო ამ ვირუსის მატარებელი. 

ასევე, ბევრი კამათი იყო იმაზეც, როცა ავადმყოფს აღარ აქვს და მერე ისევ გამოუვლინდება ეს ვირუსი, აქაც რა ხდება, – თავიდან ინფიცირებაა, იმიტომ რომ ეს დაავადება იმუნიტეტს არ ტოვებს, თუ გაქრა ვირუსი, მაგრამ სადღაც ორგანიზმში შეინახა.

ბევრი თეორიაა. ფაქტი ერთია, ასეთი რაღაცები ხდება ამ დაავადების დროს. ამიტომაც არის, რომ ყველა გამოჯანმრთელებული, მას შემდეგ რაც ორი ტესტი უარყოფითი ექნება, პირდაპირ საზოგადოებაში არ ბრუნდება და ისევ გადადის 2-კვირიან თვითიზოლაციაში. ამიტომაც ვიღებთ ასეთ ზომებს, რომ ეს დაავადება ახალია, ეს დაავადება უცნობია, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით მის შესახებ“, – განაცახდა იმნაძემ.

თამარ ჩხიკვაძე