წარწერებით აჭრელებული მაისურები და წინსაფრები, კეთილი სურვილები, თვალცრემლიანი მასწავლებლები, ბევრი ღიმილი და ამასთანავე, სკოლის დამთავრების წუხილი. ეს ყველაფერი სკოლაში სწავლის ბოლო დღის განუყრელი ნაწილია. თუმცა წლევანდელი „ბოლო ზარი“, პანდემიის გამო, ამის გარეშე ჩაივლის.

ჩვენ ვესაუბრეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მე-12 კლასელებს, რათა გაგვეგო, თუ როგორ და როდის აპირებენ სკოლის დამთავრების აღნიშვნას.

თამარ ჭიპაშვილი, (ხარაგაულის #2 სკოლა): – ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი თორმეტი წელი სკოლაში გავატარე. აქ ჩამოვყალიბდი პიროვნებად ფასეულობებითა და ღირებულებებით. კორონავირუსის გამო ჩვენი გეგმები შეიცვალა. ვაპირებდით, ხარაგაულის მასშტაბით გამორჩეული „ბოლო ზარი“ გვქონოდა. ახლა კი ის სექტემბერში გადავიტანეთ, მაშინ, როდესაც პირველკლასელთათვის პირველი ზარი დაირეკება, ის ჩვენთვის, სიმბოლურად, „ბოლო“იქნება. ჩემს თანატოლებს ვუსურვებ, გამბედავები იყვნენ და ცხოვრების გამოწვევების არ შეეშინდეთ.

არჩილ ლომიძე, (ვერტყვიჭალის სკოლა): – სკოლა ჩემთვის ბავშვობასთანაა დაკავშირებული. მან შემძინა მეგობრები, როგორც თანატოლების, ასევე – მასწავლებლების სახით. რაც მთავარია, სკოლამ მომცა განათლება და ბევრ რამეზე დამაკვირვა. „ბოლო ზარი“ რომ არ გვექნება, გული გვწყდება. 25 მაისს კლასელები ერთმანეთს მაინც შევხვდებით. სკოლას დავემშვიდობებით და ამ დღეს გავილამაზებთ.

ლიზი თიკანაშვილი (ზვარეს სკოლა): -ძალიან მწყდება გული, სკოლას რომ ვამთავრებ და ვემშვიდობები. მან მე დიდი გამოცდილება მომცა და მასწავლა, რომ განათლება უმნიშვნელოვანესია ცხოვრებაში. ჩვენზე უმცროსებს ვუსურვებ, რომ „ბოლო ზარის“ დღეს ასეთი მდგომარეობა აღარასდროს შექმნილიყოს“.

ლიზა ბარბაქაძე (ხარაგაულის #2 სკოლა): – სკოლა ჩემთვის ნიშნავს უამრავ მოგონებას და იმ სივრცეს, სადაც ბევრი მეგობარი შევიძინე. მივიღე გამოცდილება, რომელიც მთელ ჩემს ცხოვრებაში მეგზურად გამყვება. ძალიან სევდიანი განწყობა მაქვს პირველ რიგში იმიტომ, რომ სკოლას ვამთავრებთ და მეორე იმის გამო, რომ „ბოლო ზართან“ დაკავშირებით ამდენი ხნის გეგმები ჩაგვეშალა. ამავდროულად, ბედნიერიც ვარ, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ.

თაკო ზვიააძე, (კიცხის სკოლა): – პირველ რიგში, სკოლა შესაძლებლობას გვაძლევს, შევიძინოთ ცოდნა და გამოცდილება. ამის გარდა, სკოლა ის ადგილია, სადაც ჩვენი ცროვრების უმნიშვნელოვანეს დროს ვატარებთ. აქ საშუალება გვეძლევა, გავიცნოთ ისეთი ადამიანები, როლმებიც დიდ როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში. ზუსტად ვიცი, რომ ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში უძვირფასეს მოგონებად დარჩება და წლების შემდეგ დიდი სითბოთითა და სიყვარულით გავიხსენებ.

როგორ ყველა მეთორმეტეკლასელი, ჩვენც ვგეგმავდით ამ დღის აღნიშვნას და ემოციების ერთმანეთში გაცვლას. დიდი სიხარულით ველოდით ამ დღეს, როდესაც ნანატრ თეთრ პერანგებს ჩავიცვამდით და ერთმანეთს სამახსოვრო წარწერებს დავუტოვებდით.

ნინო ჭიპაშვილი, (ხარაგაულის გიმნაზია): – პანდემიამ მე-12 კლასელები ბევრ რამეში უკან დაგვხია. „ბოლო ზარი“ არ გვექნება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბუნებაში გავიდეთ და პიკნიკი მოვაწყოთ.

თორნიკე შველიძე, (უბისის სკოლა): – ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში სკოლას დიდი წვლილი მიუძღვის. ამიტომ გული მწყდება, რომ ვამთავრებ. ეს გულისწყვეტა ორმაგია, რადგან გამოსამშვიდობებელი ზეიმი არ გვექნება. თუმცა კლასელებს გადაწყვეტილი გვაქვს, რომ სკოლის დამთავრება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ აღვნიშნოთ.

ეთერ მესხიშვილი, (ღორეშის სკოლა): – სკოლამ უამრავ ადამიანთან დაგვამეგობრა, მიზნისკენ სწრაფვა გვასწავლა და ცხოვრებისეული ცოდნა შეგვძინა. შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, კლასელებმა გადავწყვიტეთ, მცირედით მაინც გავილამაზოთ ეს დღე. ერთმანეთს შევხვდებით, დავრეკავთ ბოლო ზარს, თეთრ მაისურებს ჩავიცვამთ და ერთმანეთს სკოლის დამთავრებას მივულოცავთ.

ანა კალანდაძე, (ხარაგაულის #3 სკოლა): – ჩემს თანატოლებს ვუსურვებ, იმედი არ დაკარგონ. ჩვენ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვლა შეგვიძლია!

წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მეთორმეტეკლასელს.

ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოზე – ხარაგაულის გიმნაზიის რამდენიმე კურსდამთავრებულმა „ბოლო ზარის“ დღეს მშობლიურ სკოლას მიაშურა