გავიდა თორმეტი წელი… ასე სწრაფად როგორ გაირბინა… დასრულდა ჩვენი ერთად ყოფნის, თქვენი მოსწავლეობის წლები. ახლა განშორების დრო დგება.

გულისფანცქალით ველოდით-თქო, ვერ ვიტყვი. თუმცა ეს განშორება აუცილებელი რომ არის, ეს გასიგრძეგანებული ჩვენ – მასწავლებლებსაც გვაქვს და თქვენც.

ახლა თვალის გადავლებისა და თვალისგაყოლების დროა…
ვადევნებ თვალს და გხედავთ ფერადოვნებს, ლაღებს, ულამაზესებს, ჭკვიანებს, ერთგულებს, თვალებგაბრწყინებულებს…

თვალს იმედით გაგაყოლებთ, უშიშრად, უდარდელად.

  • ვიცი იქ იქნებით, სადაც საჭიროა.
  • ვიცი ის იქნებით, ვინც საჭიროა.
  • ვიცი იმას გააკეთებთ, რაც საჭიროა.
  • მჯერა თქვენი.
  • ეს რწმენა თქვენი დამსახურებაა.

ჩვენ ერთად გავიარეთ ეს თორმეტი წელი, ერთად ვიყავით წარმატებასა თუ წარუმატებლობაში, სიხარულსა თუ იმედგაცრუებაში, ზეიმსა თუ საქმეში… ეს პერიოდი ერთად გავიარეთ ხელიხელჩაკიდებულებმა და ერთმანეთს მინდობილებმა. დღემდე მოვედით.

ეს ერთიანობა მარტივი არ იყო. თუმცა ჩვენ ეს შევძელით… ისე შევძელით, რომ არ გვიღალატია თქვენ მოსწავლის, მე კი მასწავლებლისა და დირექტორის უფლებებისა და მოვალეობებისათვის.

ეს რთული იყო, რადგან სიყვარულთან სამართლის შეთავსება ერთობ ძნელია. თქვენ ეს შემაძლებინეთ თქვენი სიკარგით, ადამიანობით, თქვენი უნარებითა და თქვენი სიყვარულით.

ამიტომ გიხდით დღეს დიდ მადლობას ამ შესაძლებლობებისათვის. თქვენ ყველაფერი მასწავლეთ; მომეცით საშუალება, ვყოფილიყავი საყვარელი და სასურველი აღმზრდელი. მადლობა ამისთვის!

მადლობა სკოლის ისტორიაში თქვენს მიერ ჩაწერილი უამრავი წარმატებული ფურცლისათვის. თქვენ ბევრჯერ შეძელით სკოლისათვის წარმატებისა და გამარჯვების მოტანა. ყოველთვის იყავით მოწინავეთა რიგებში. მადლობა თქვენი მონაპოვარისათვის, სკოლის აღიარებისათვის, თქვენი გულწრფელობისა და თანამშრომლობისათვის.

მე ამაყი ვარ თქვენით, რადგან ბევრი თბილი და სასიამოვნო წუთი მაჩუქეთ. თითოეული თქვენი ქმედება და დამოკიდებულება გაჯერებული იყო სიყვარულითა და პასუხისმგებლობით. სწორედ ამიტომ ხართ ყველასათვის საყვარელი და საოცნებო კლასი.

თქვენ მეთორმეტეობაც გამორჩეული გქონდათ, როგორც ყველაფერში გამორჩეულებს. ადრიანად გამოიკეტა თქვენთვის სკოლის კარი. ვერ აიხდინეთ ნატვრა, დაგეგმილი დღესასწაულის სიამოვნება ვერ შეიგრძენით.

არსებული მდგომარეობის მიუხედავად, თქვენ არ დაგიკარგავთ რწმენა და არ გიღალატიათ მოსწავლის ვალდებულებისათვის. ღირსეულად აუწყვეთ ფეხი გამოწვევებს და ასე ერთად მოვედით დღემდე.

ეს კიდევ უფრო მეტად მიმძაფრებს თქვენს სიყვარულსა და თქვენდამი პატივისცემას. სკოლის თითოეული პედაგოგი გიხდით მადლობას თქვენი სიკარგისათვის.

უჩვეულოდ, უთქვენოდ დაირეკება 2019-2020 სასწავლო წლის„ ბოლო ზარი“ მარელისის სკოლაში. ეს ძალიან უცხო და მტკივნეული განცდაა ყველასთვის. თუმცა გჯეროდეთ, სკოლასთან გამომშვიდობებას ჩვენ ერთად ვიზეიმებთ და ნანატრ სურვილებს ავისრულებთ.

გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ნათელ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ. მუდამ მიგულეთ თქვენში, თქვენთან, თქვენთვის…

როცა მოგინდებათ მოგისმინონ და გულში ჩაგიკრან, იცოდეთ გელით მთელი სულითა და გულით. თქვენ დიდი სიყვარული მასწავლეთ. მეც კარგად ვისწავლე, როგორ მიყვარდეთ. ამ სიყვარულით გამთბარი გლოცავთ მომავალი წარმატებებისა და ბედნიერებისათვის.
თქვენი ვერა ოდიკაძე
20.05.2020