

20 აგვისტოს სარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში გაიმართა შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, რომელიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და დაინტერესებული მოსახლეობის გარდა ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის მენეჯერი აკაკი საღირაშვილი, საპროექტო-საკონსულტაციო ორგანიზაცია „კოქს-კონსალტის“ ხელმძღვანელი კარლსტენ გრინზე, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი გიორგი კიზირია, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი.
შეხვედრა გახსნა პარლამენტის ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ. საპროექტო-საკონსულტაციო ორგანიზაცია „კოქს-კონსალტის“ ხელმძღვანელი კარლსტენ გრინზემ ისაუბრა ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. მან აღნიშნა, რომ ამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაპროექტებამდე უნდა ჩატარდეს ტექნიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური კვლევები. საკონსულტაციო მომსახურების პროექტი დაიწყო 2014 წლის აპრილში და დასრულდება დეკემბერში. გზა ემსახურება ძირულა-ჩუმათელეთის დაახლოებით 37 000 მოსახლეს და მოიცავს 52 კილომეტრს.
კარლსტენ გრიზემ აღნიშნა, რომ მოსახლეობისათვის განსაკუთრებით საინტერესოა განსახლების პრობლემა: „ჩვენ შევეცდებით განსახლება დავიყვანოთ მინიმუმამდე, მაგრამ გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ამას გვერდს ვერ ავუვლით. განსახლება მოხდება ევროპის განსახლების სისტემის ყველა წესის დაცვით, – აღნიშნა კარლსტენ გრიზემ, – ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია მოიცავს ასფალტის საფარის დაგებას, ხიდების გარემონტება-რეკონსტრუქციას, გზის სადრენაჟე ნაგებობების მშენებლობას, ფერდის საყრდენი კედლებისა და მდინარის ნაპირის დამცავი ნაგებობების მშენებლობას, სადაც ამის საჭიროება არსებობს, გზის მონიშვნასა და აღჭურვას სათანადო საგზაო ნიშნებით, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას. გზის საერთო სიგანე 9 მეტრი იქნება. იმ ადგილებში, სადაც გზის გაგანიერება ტექნიკურად გართულებულია, გზა შედარებით ვიწრო იქნება.“
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის მენეჯერმა აკაკი საღინაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მოდერნიზებული რკინიგზის სამუშაოები ამ ხეობაში შეჩერებულია: „ჩვენ ვფიქრობთ არსებული პროექტის უკეთესით შეცვლაზე, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს გარემოზე არასასურველ ზემოქმედებასა და განსახლებას. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დაწყებულია ქვიშხეთში, სადაც აშენდება 8 კილომეტრზე მეტი სიგრძის გვირაბი. ეს გვირაბი დააკავშირებს ხაშურსა და მილითს. ასევე ამ მოდერნიზაციის ფარგლებში იგეგმება ძირულაში ორი გვირაბის მშენებლობა. სოფელ საღანძილეში, ვახანსა და მარელისში ამ ეტაპზე განსახლების სამუშაოები შეჩერებულია და ვმუშაობთ პროექტზე, რომ როგორმე თავიდან ავიცილოთ განსახლება. მოდერნიზებული რკინიგზის სამუშაოები სავარაუდოდ 2018 წელს დასრულება. ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზას რკინიგზა კვეთს ბეჟათუბანში, სადაც ჩვენ ვგეგმავთ ორი გვირაბის მშენებლობას შუაში ხიდით. სარკინიგზო სამუშაოები ხელს არ შეუშლის საავტომობილო გზის მშენებლობას, რადგან ვიდრე ძირულა-ჩუმათელეთის საპროექტო სამუშაოები დასრულდება, ჩვენ ვგეგმავთ ამ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებას.“
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ აღნიშნა, რომ „არსებული ცენტრალური საავტომობილო გზისათვის აუცილებელია ალტერნატიული გზა, რათა რაიმე პრობლების არსებობის შემთხვევაში არ დაიკეტოს საქართველოს მთავარი საგზაო არტერია. ეს იქნება ქვეყნისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგისტრალი. თუმცა ეს პირველ რიგში იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის ეკონომიკური წინსვლის გარანტია. საავტომობილო გზის სამუშაოებზე დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. ამ გზის სრულყოფილი პროექტირება დასრულდება 2015 წელს, ხოლო 2016 წლიდან გამოიყოფა მშენებლობისთვის თანხა და დაიწყება პრაქტიკული სამშენებლო სამუშაოები.“
ვაჟა ფანჩულიძის განმარტებით, რისკები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ პროექტის განხორციელებას, თითქმის არ არსებობს. აზიის განვითარების ბანკი უკვე მზადაა ჩადოს რამდენიმე ათეული მილიონის ინვესტიცია ამ გზის რეაბილიტაციაში.
შეხვედრაზე სტუმრებმა უპასუხეს მოსახლეობისათვის საინტერესო შეკითხვებს მოდერნიზებული რკინიგზისა და ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.
საპროექტო-საკონსულტაციო ორგანიზაცია „კოქს-კონსალტის“ ხელმძღვანელმა კარლსტენ გრინზემ მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება საჯაროდ.
შეხვედრის შესახებ ვრცლად იხილეთ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ უახლოეს ნომერში.
თამთა გოგოლაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“