სასწავლო წელი სრულდება მე-12 კლასელთათვის. ამ პერიოდს თან ახლავს ხოლმე სკოლასთან განშორების ღელვა, ეროვნული გამოცდების განცდა.

წლევანდელმა წელმა კიდევ უფრო მეტი საფიქრალი გაუჩინა ახალგაზრდებს. გაურკვეველ რეალობასთან მოუწიათ მათ შეჯახება. პანდემიისაგან გამოწვეული წინააღმდეგობების შესახებ საუბრობენ ხარაგაულელი აბიტურიენტებიც.

აზა ბერაძე ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეა, ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ სად გააგრძელებს სწავლას. იგი ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიესალმება დისტანციურად სწავლებას, რეპეტიტორებთანაც დისტანციურად მუშაობს, ასევე დიდ დახმარებას უწევს ტელე-გაკვეთილები.

– კარგია, როცა გაქვს საშუალება უსმინო პროფესიონალებს საკუთარ სფეროში და შენი ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავო, ამასთანავე ვფიქრობ, რომ ეს პლატფორმა ყველასათვის ხელმისაწვდომია და სწავლაც შედარებით მარტივია, – ამბობს ის.

სხვადასხვა მოლოდინები არსებობს ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატთან დაკავშირებით. აზა პოზიტიურად უყურებს არსებულ სიტუაციას.

ხიდრის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა ზვიად ტყემალაძე სწავლის გაგრძელებას ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტეზე გეგმავს. აზას მსგავსად ისიც ოპტიმისტურადაა განწყობილი და აღნიშნავს, რომ ძალიან მარტივად მოერგო დისტანციურ სწავლებას.

– პრობლემების წინაშე არ დავმდგარვარ, რადგან მაქვს კომპიუტერი და წვდომა ინტერნეტთან. ვმეცადინეობ ისე, როგორც ჩვეულებრივ მასწავლებელთან. აქედან გამომდინარე ეს პროცესი ჩემთვის ადვილია, – ამბობს ზვიადი.

აზასა და ზვიადისგან განსხვავებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ აბიტურიენტობის პერიოდი გაურთულა კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლე ნანა მდინარაძეს. მას ინტერნეტის პრობლემები აქვს, ვერ უკავშირდება მასწავლებელს, ტელეგაკვეთილებსაც ვერ უყურებს, რადგან არ აქვს კონკრეტული არხი, რომელზედაც ეს გაკვეთილები გადის.

– ონლაინ გაკვეთილებით დიდად ინფორმაციას ვერ ვიღებ, ისეთი არ არის, როგორც ჩვეულებრივი გაკვეთილი, არ მაკმაყოფილებს; ამასთანავე, მენტალურად დამღელია“, – ამბობს ნანა. მას ფსიქოლოგია აინტერესებს და სწავლის გაგრძელებას ამ კუთხით აპირებს.

ვარძიის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე დავით კოჩაძეს მასწავლებელთან უშუალო ურთიერთობები ენატრება და აკლია, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად იყენებს ინტერნეტ პლატფორმებს და ტელეგაკვეთილებსაც უყურებს. მას სწავლის გაგრძელება კომპიუტერული ტექნოლოგიების განხრით აქვს გადაწყვეტილი.

– ზესტაფონში დავდიოდი რეპეტიტორებთან. ახლა ისე ვეღარ ვმუშაობთ, როგორც აქამდე. ძალიან რთულია, რადგან რეპეტიტორებს ბევრი მოსწავლე ჰყავთ, არ აქვთ დრო, ვეღარ გვაქცევენ იმდენ ყურადღებას, როგორც მანამდე, – ამბობს დავით კოჩაძე.

მიუხედავად მრავალი პრობლემისა, აბიტურიენტები მაინც იმედიანად არიან განწყობილნი და ცდილობენ, ძველებური რეჟიმით გააგრძელონ მუშობა.

წარმატებები ვუსურვოთ მათ.

ლიკა ხიჯაკაძე