– ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში საუბარია გამოცდებსა და მისი პრესტიჟის დაცვაზე და არა უნივერსიტეტებში მისაღები სისტემის გაუმჯობესებაზე, – ამბობს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბრისას განათლების საკითხებში ექსპერტი სიმონ ჯანაშია, – ამ 15 წლის განმავლობაში შეიცვალა სახელმწიფო კორუფციის დონე, ტექნოლოგიები, უნივერსიტეტების პროგრამები. თავად გამოცდების სისტემა არ შეცვლილა.

უნივერსიტეტში მიღება ხდებოდეს მხოლოდ გამოცდებით, ეს ანომალიაა და მსოფლიოში ასეთი სისტემები თითქმის აღარ არსებობს. სხვა ქვეყნებში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა ბევრი კომპონენტის ერთობლიობით ხდება. პანდემიის დროს სტუდენტების მიღება გამოცდების გარეშეც იყო შესაძლებელი.

ჩემი აზრით, უნივერსიტეტებს უნდა მისცენ უფლება, გამჭირვალე და სამართლიანი შეფასებების საფუძველზე, თავად უზრუნველყონ აბიტურიენტთა მიღება.

პანდემიამ გაამძაფრა ის პრობლემები, რაც ისედაც არსებობდა; მაგალითად, გამოიკვეთა მასწავლებელთა კომპეტენციის პრობლემა. ისინი ასეთ პირობებში სწავლებისთვის მზად ვერ აღმოჩნდნენ. ბევრი მოსწავლე განათლების მიღმა რჩება, რადგან სოციალურად უფრო ნაკლებად უზრუნველყოფილია. ზუსტი მონაცემები უნდა გვქონდეს, ონლაინ სწავლების პროცესში რამდენი მოსწავლე ჩაერთო, რამდენმა სკოლამ მოახერხა სწავლების ონლაინფორმით გაგრძელება.

სახელმწიფომ რაღაც რესურსი შექმნა, მასწავლებლები და მოსწავლეები რაღაც პალტფორმაზე დაარეგისტრირა, მაგრამ რამდენად ბევრი იყენებს ამ შესაძლებლობას?! თუ ეს შედეგები არ გვეცოდინება, ვერ ვიტყვით, ეს ნაბიჯები ეფექტურია თუ არა.

ჩვენს ქვეყანაში ონლაინ სწავლების პირობები ძალიან შეზღუდულია, მოსწავლეების 1/3-ს ინტერნეტსა და კომპიუტერზე ხელმისაწვდომობა არ აქვს. პრობლემაა მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის კომპეტენცია ამ მხრივ. მოსწავლეებსა და ზოგიერთ მასწავლებელს არა აქვს მოტივაცია, ისწავლოს ან ასწავლოს ამ ფორმატით“.

შემდეგ წელს სპეციალური პროგრამები უნდა შეიქმნას და ის მოსწავლეები გამოვლიდნენ, ვინც ამ სემესტრის სრულყოფილად გავლა ვერ შეძლო. მათთვის უნდა შეიქმნას შაბათ-კვირის, ზამთრის ან ზაფხულის სკოლები, რომ ეს დანაკლისი აღმოიფხვრას.

სახელმწიფომ უნდა დაიწყოს მზადება ახლებური ტექნოლოგიების დანერგვისთვის. პანდემიისგან არც მომავალში ვართ დაზღვეული. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, მასწავლებელთა კომპეტენციის გაზრდა და უნივერსიტეტებში მისაღები სისტემის მოქნილობა, – ეს არის ძირითადი სამი კომპონენტი, რაზეც სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა იზრუნოს.

სახელმწიფომ უნდა წაახალისოს კერძო კომპანიები, უნივერსიტეტები, სკოლები, რომლებიც შექმიან სისტემებს, შეიმუშავებენ რესურსებს, რომელიც მსგავს სიტუაციებში სწავლების შეუფერხებლად მიმდინარეობას შეუწყობს ხელს“, – მიაჩნია სიმონ ჯანაშიას.

თამთა გოგოლაძე