მიხეილ ჯოგლიძე რამდენიმე წელია, რაც ტურიზმის სფეროშია ჩართული. ტურების ორგანიზება 2016 წლიდან დაიწყო. ახლა ის მოგზაურთა კლუბის „მსოფლიოში დაკარგულების“ თანაორგანიზატორი და ტურისტული კომპანია Georgian travel guide-ის საფეხმავლო გამყოლია. ძირითადად, ქართველ მომხმარებლებთან თანამშრომლობს, გაზაფხულის სეზონზე ბევრი ტური ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, პანდემიის გამო გეგმები შეეცვლა  და თავის სოფელ ნუნისში დაბრუნდა.

მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, 2019 წელს ტურიზმის სფეროში ვიზიტორების რაოდენობამ 9.4 მილიონ ადამიანს მიაღწია, ხოლო ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობამ – 150 000-ს. 

ტურისტული სეზონის დაპაუზებამ  საქართველოში ბევრი გიდის, საფეხმავლო გამყოლისა თუ მოლაშქრეთა კლუბის წარმომადგენელის საქმიანობა შეაჩერა. მათი უმეტესი ნაწილი ახლა სამსახურის გარეშეა დარჩენილი და ივნისიდან ახალი ტურისტული სეზონის ამოქმედებას ელოდება. 

გაზაფხულზე ტურები წინასწარ გაწერილი გვქონდა. ძირითადად, დაცულ ტერიტორიების წარმომადგენლებთან ვთანამშრომლობთ. Ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკშიც ვგეგმავდით რამდენიმე გასვლას. თუმცა, საგანგებო მდგომარეობისა და პარკების დაკეტვის გამო ყველა მათგანის გაუქმება მოგვიწია, – ამბობს მიხეილი, – 6 მაისს,  ჩემს მეგობრებთან ერთად  ბორჯომში ჯომარდობის სეზონის გახსნას ვაპირებდით. ყველა დეტალი გათვლილი გვქონდა,  მაგრამ ესეც  ივნისისთვის გადავდეთ“. 

მიხეილ ჯოგლიძის თქმით, გიდობა მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო არაა, მაგრამ  მის  ირგვლივ ბევრი გიდი და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ძალიან მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მათი მთლიანი შემოსავლის წყარო  ამ სფეროსთან იყო დაკავშირებული. ახლა კი დიდი მატერიალური და მორალური ზიანი მიადგათ და მხოლოდ მთავრობის კომპენსაციის იმედად არიან დარჩენილები.

მიხეილ ჯოგლიძე ფიქრობს, რომ  ამ სეზონზე  შემომყვანი ტურიზმი  ვეღარ იქნება  ისეთი აქტიური,  როგორიც ადრე იყო. წინა პლანზე  შიდა ტურიზმი წამოიწევს, რადგან სავარაუდოდ ადამიანების  უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავს შეიკავებს.

„მართალია, 15 ივლისიდან საზღვრები იხსნება, მაგრამ ბევრი ვარაუდობს, რომ ვიზიტორებში შიდა ტურიზმის ინტერესი უფრო გაიზრდება. თუმცა საერთოდ როგორ განვითარდება მოვლენები, ამის თქმაც რთულია. ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა, მსგავსი ეკონომიური მდგომარეობის ფონზე კი რამდენად დარჩება ვიზიტორს მოგზაურობის შესაძლებლობა, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია“. 

მიხეილ ჯოგლიძის მსგავსად, შიდა ტურიზმისადმი ინტერესის ზრდას ელოდება ბერიკა თურმანიძეც.

ბერიკა თურმანიძე 2015-2018 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრს ხელმძღვანელობდა. თბილისში გადასვლის შემდეგ კი  სათავგადასავლო და ალპინისტური  კლუბი  Extreme travelling center of Georgia ჩამოაყალიბა. 

„აპრილსა და მაისში უცხოელების ორ ჯგუფს ველოდებოდით. ბილეთებიც შეძენილი ჰქონდათ. თუმცა, პანდემიის გამო, ყველაფრის გაუქმება მოუწიათ, – ამბობს ბერიკა. ჯომარდობის სეზონიც უნდა გაგვეხსნა, რამდენიმე კომპანიასთან მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და მათი წარმომადგენლები მწვერვალზე უნდა აგვეყვანა. რა თქმა უნდა, პანდემიამ ამაშიც ხელი შეგვიშალა. ვფიქრობ, რომ 2020 წელს ძირითადი დატვირთვა უფრო შიდა ტურიზმზე გადანაწილდება, მაგრამ იმ ტალღის აღდგენა, რომელიც ადრე შემოდიოდა, მარტივი  არ იქნება. ახლა  მოლოდინის რეჟიმში ვართ. მალე გახდება ცნობილი ახალი ტურისტული „გაიდლაინი“ და ეს რეგულაციები განსაზღვრავს, საქმიანობას როგორ გავაგრძელებთ“.

ბერიკა თურმანიძის აზრით, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს ხარაგაულს. თუმცა ჯერ მაინც გზის, ტრანსპორტირების, სასტუმროებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემის გამოსწორება აუცილებელია. 

მიხეილ ჯოგლიძისა და ბერიკა თურმანიძის მსგავსად, ქვეყანაში შექმნილმა ეპიდსიტუაციამ ხელი შეუშალა ხარაგაულელ შალვა ბერაძესაც. მან მოგზაურთა კლუბი „ამარათი“ ორი წლის წინ თავის მეგობარ ოთარ ფერაძესთან ერთად ჩამოაყალიბა. შემდეგ ხარაგაულელი მეგობრებიც შეუერთდნენ. მათი ძირითადი მიმართულება, სხვა ტურისტულ მარშრუტებთან ერთად, ხარაგაულის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. რამდენიმეჯერ ვიზიტორები ზვარეშიც ჰყავდათ ჩამოყვანილი.

„ჩვენი კლუბი ეკონომიკურ მოგებაზე არ იყო გათვლილი. ეს, პირველ რიგში, ლაშქრობა და სიამოვნებაა. უფრო რთული ისაა, რომ გაჩერებულები ვართ და ვერსად მივდივართ. აქამდე შაბათ-კვირას განტვირთვა შეგვეძლო, ახლა კი ესეც შეუძლებელია. 

შალვა ბერაძის თქმით, მის ირგვლივ ბევრ გიდსა თუ ნაცნობს, რომელიც მთელ ენერგიას კლუბის განვითარებაში დებდა, ახლა კრიზისი აქვთ. პანდემიის პირობებში რამდენიმე ტურის გაუქმება მოუწია თავად შალვასაც. სამომავლოდ ტურების აღდგენას ფიქრობს, ვიზიტორებში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ცნობადობა ხარაგაულის მხრიდან შესასვლელებით უნდა რომ გაზარდოს. თუმცა ამისთვის ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება აუცილებელია. 

ბევრი პრობლემა შეუქმნა პანდემიამ გიდებს. თუმცა შალვა ბერაძე ფიქრობს, რომ ისინი ამან ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დააახლოვა. ვიზიტორებსა და მოლაშქრეებს შორის კი 12 მაისს, ანდრიაობას, ვერ შემდგარმა ტურმა დიდი გულისწყვეტა გამოიწვია. 

სხვადასხვა ტურისტული კომპანიები და გიდები, ხარაგაულელი მოგზაურების მსგავსად, ახლა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციების გაცნობას ელოდებიან. თუ რა შეღავათებს, გადაადგილებისა და მომსახურების ფორმებს შესთავაზებს  ტურიზმის ადმინისტრაცია ვიზიტორებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, ეს მომდევნო კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი.

თამარ ჩხიკვაძე

ფოტოზე – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში; ფოტოს ავტორია თამარ გიგიბერია.