ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში უსინათლოთა პროგრამა აპრილიდან უნდა განახლებულიყო.

ამისათვის ააიპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” ბიუჯეტში 11 800 ლარია განსაზღვრული. კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტის დაწყება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ამ ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი ამბობს, რომ უსინათლოთა პროგრამა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განახლდება.

თუმცა პროექტი, შესაძლოა, ექვსთვიანი გახდეს. ამის გამო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა საათობრივი დატვირთვა და შესაბამისად, ანაზღაურებაც გაიზრდება.

საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლობით, უსინათლოთა პროგრამა ხარაგაულში 2017 წლის აგვისტოდან ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსინათლოები ბრაილის შრიფტით წერა-კითხვასა და კომპიუტერთან მუშაობას სწავლობენ.

გასულ წელს პროექტს სხვადასხვა აქტივობები – ხმოვანი წიგნების მოსმენა, სამაგიდო თამაშების შესწავლა დაემატა და უფრო მრავალფეროვანი გახდა.

ფოტოზე: უსინათლოთა პროგრამის მეცადინეობაზე, 2019 წ.