საქართველოში საგანგებო სიტუაციის გაუქმებამდე ხუთი დღე რჩება. თუმცა პანდემიის პირობებში ჯერ კიდევ აკრძალულია ათზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრება.  

ეპიდსიტუაციის ფონზე დიდი ხანია  სწავლების პროცესმა, სამუშაო დავალებებმა თუ ყოველდღიურმა აქტივობებმა ქუჩებიდან, სკოლებიდან და სამსახურებიდან სახლში გადაინაცვალა. 

ადამიანებს უფრო მეტი დრო და ენერგია გამოუჩნდათ თავიანთი ინტერესების  დასაკმაყოფილებლად.

Სხვადასხვა საგანამათლებლო პლატფორმებსა და ორგანიზაციებზე დაყრდნობით, ტრადიციულად, გიზიარებთ იმ ლექციებისა და ვებინარების ანონსს, რომლებშიც მონაწილეობა და მოსმენა სახლიდან ინტერნეტითა და სოციალური ქსელის  საშუალებით შეძლებთ.

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის ორგანიზებით 18 მაისს  20:30 წუთიდან შეგეძლებათ სოციალური ქსელის ლაივ ჩართვის საშუალებით შეურთდეთ ლექციას: „კრემლის საინფორმაციო პოლიტიკა სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ“. გვაქვს თუ არა შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში? რა არის ქართული სახელმწიფოს საკომუნიკაციო მიზნები? რამდენად ვახერხებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის დარწმუნებას? რა ტიპის საქმიანობას მიმართავს კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ? ამ და სხვა შეკითხვებზე ქართველი საკომუნიკაციო სფეროს ექსპერტები ისაუბრებენ. 

„ბიოლოგიური ომისა და ბიოტერორიზმისაგან მომდინარე გლობალურ  საფრთხეებზე მართავს ონლაინ ლექციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელშიც ჩართვა zoom-ის დახმარებით შეგეძლებათ.

19 მაისს 18:00 საათიდან კავკასიის უნივერსიტეტი „დაწყებითი პედაგოგიკა – ციფრული განათლების პოლიტიკის ფორმირების“ შესახებ ლექციას მართავს.  შეხვედრაზე განხილული იქნება საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების შედეგად შექმნილი ახალი გამოწვევები და ციფრული სამყაროს საგანმანათლებლო რესურსები. ლექციაზე დასწრებას აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციის საშუალებით შეძლებთ.

თიბისი სტატუსი თავისი ლექციების კურსს აგრძელებს. ამჯერად 19 მაისს, 19:00 საათიდან, მსახიობი მერაბ ნინიძე თავის საქმიანობაზე, შესრულებულ როლებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ასევე გვიამბობს კინოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებაზე.

შეხვედრის ფარგლებში მსახიობი გაგვიზიარებს საკუთარ ინტერესებს და იმ ატრიბუტებს, რომლებიც შთაგონებისთვის, გართობისა  და მუშაობისთვისაა აუცილებელი. შეხვედრა zoom-ის საშუალებით დაესწრებით, მონაწილეობის მისაღებად კი რეგისტრაციის გავლა აუცილებელია. 

21 მაისს ზალიკოს სტუდია მშობლებისა და ბავშვებისთვის ტრადიციულ zoom-ის შეხვედრებს აგრძელებს. ზალიკო სულაკაური პატარებს ხატვის გაკვეთილებზე ეპატიჟება და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრაზე დასასწრებად ონლაინ ჩართვისას ფერადი ფაქრები და ფურცლები დაგჭირდებათ. 

ონლაინ საჯარო ლექციების კურსს აგრძელებს ევროპის უნივერსიტეტიც“. 22 მაისს, 19:00 საათიდან, შეგეძლებათ zoom-ის აპლიკაციის საშუალებით ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის მარინა ხანჯალიაშვილის ჩართვას შეუერთდეთ. შეხვედრაზე „პერსონაჟის მხატვრული სახის შექმნის ტექნიკები“, პერსონაჟის მხატვრული სახე და მისი ლიტერატურულ-ფსიქოლოგიური პორტრეტი, მხატვრული სახე, როგორც კონკრეტული იდეის განსახიერება,  სინთეზი მონათესავე მხატვრულ სახეებთან იქნება განხილული.