ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, რომელიც 18 აგვისტოს გაიმართა, ბიუროს წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქმედი სამსახურების დებულებები. გამგებელ კობა ლურსმანაშვილის განმარტებით, შესაძლებელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბევრი განყოფილება გაუქმდეს ან გაფართოვდეს. გამგეობის სამსახურების დებულებებში ცვლილებებს საკრებულო პირველ სექტემბერს დაგეგმილ სხდომაზე დაამტკიცებს.

18 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საკრებულოსაგან დაფუძნებული ა(ა)იპ-ების შესახებ საკითხს. საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გელაშვილმა წარმოადგინა კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ა(ა)იპ-ების დირექტორები თანამდებობაზე უნდა დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საკრებულოსთან შეთანხმებით. „აღნიშნულთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ კომისიაში, – აღნიშნა სხდომაზე მიხეილ გელაშვილმა, – ასევე ა(ა)იპ-ის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს გამგებლის გადაწყვეტილებით, საკრებულოსთან შეთანხმებით“.

გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ გამგებელს აქვს უფლება, თავისი სურვილისამებრ, ვინმესთან შეუთანხმებლად, დანიშნოს ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები და ამის უფლებას მას აძლევს კანონი.

საკრებულოს წევრმა იური ლურსმანაშვილმა გამგებელს უთხრა, რომ ის არასწორად განმარტავს კანონებს.

კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სექტემბრის შუა რიცხვებში ბაკურიანში გაიმართება ტრენინგი გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისათვის და  იქ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

საკრებულოს წევრმა ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ უკვე თითქმის ერთი თვეა, რაც მიმდინარეობს დავა ა(ა)იპ-ების დებულებებში ცვლილებების შეტანაზე. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში ზარალდება მუნიციპალიტეტი, დაუსუფთავებელი და ჩაბნელებულია ხარაგაულის ქუჩები.

ბიუროს სხდომაზე საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ლურსმანაშვილმა წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანული კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, გამგებელი იღებს გადაწყვეტილებებს  ა(ა)იპ-ების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ საკრებულოს თანხმობით; ხოლო, რაც შეეხება ხელმძღვანელის დანიშვნას, არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს გამგებელს, მიიღოს ნებართვა ხელმძღვანელი პირის დანიშვნაზე. „ამასთან მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების ეფექტურად მუშაობისათვის საჭიროა ხელმძღვანელის უფლებამოსილება გადაეცეს გამგებელს,“ – ამბობს შალვა ლურსმანაშვილი.

ამ საკითხზე მსჯელობას საკრებულო პირველი სექტემბრის სხდომაზე გააგრძელებს.

თამთა გოგოლაძე