სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საქართველოში მეფუტკრეობის ექვსი კოოპერატივი დააფინანსა.

ხარაგაულში მოქმედმა კოოპერატივმა  „თაფლი მარგებელი“ 12 000 ლარი ღირებულების 100 კომპლექტი სკა მიიღო თავის აქსესუარებით (100-100 კორპუსი, საკუჭნაო, 2000 ჩარჩო).

-2017 წელს ხარაგაულში 20 მეფუტკრე გავერთიანდით და კოოპერატივი შევქმენით, – ამბობს კოოპერატივის თავმჯდომარე ზვიად ორჯონიკიძე, – მეფუტკრეობის კოოპერატივების ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლის დეკემბერში გამოცხადდა. კონკურსში გავიმარჯვეთ და მხარდაჭერა მივიღეთ.

ეს დახმარება, ფაქტობრივად, საჩუქარია. მეპაიეების მხრიდან 30%-იანი თანამონაწილეობა აუცილებელი იყო. 12-მა მეპაიემ 3 600 ლარი გავიღეთ.

პროგრამის თანახმად, სკები ფუტკრით უნდა დაიტვირთოს. ფუტკრის ოჯახების გაყოფისთვის ახლა საუკეთესო პერიოდია. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეს დახმარება დიდი სტიმულია კოოპერატივის მეპაიეებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ხარაგაულში მეფუტკრეობის განვითარებისთვის.

ნინო კაპანაძე