18 მაისი – მუზეუმების საერთაშორისო დღე – წელს ხარაგაულში უჩვეულოდ ჩუმად ჩაივლის.
ორი თვეა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის კარი დამთვალიერებლებისთვის დაკეტილია.
-მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მუზეუმის ეზოდან ქუჩაში მსვლელობით ვიწყებდით, – ამბობს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე,– მეხუთე წელია, 18 მაისს საქართველოში ქართული სამოსის დღეც აღინიშნება. გზადაგზა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები გვიერთდებოდნენ. ხარაგაულის შემოქმედებითი კოლექტივები, მსვლელობის მონაწილეებს, სიმღერითა და ცეკვით გვხდებოდნენ. შემდეგ მუზეუმში გრძელდებოდა პროექტი – „მოხალისე გიდები“, მუზეუმში დამთვალიერებელს მასპინძლობას მოსწავლეები უწევდნენ.
ვაწყობდით კვირეულს, რომლის ფარგლებშიც ტარდებოდა „მუზეუმების ღამე“, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები, გამოფენები, შემომწირველთა დაჯილდოება და სხვ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გადაიდო და სავარაუდოდ, ოქტომბერში, ევროპის მემკვიდრეობის დღეებთან ერთად აღვნიშნავთ.
სხვათაშორის, ამ დღეებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაგვიკავშირდნენ და სურვილი გამოთქვეს, რომ 18 მაისს ცხენოსნებმა ეროვნული სამოსით ქუჩაში მსვლელობა მოაწყონ. ძალიან გამიხარდა, რომ ხარაგაულელებს მუზეუმების დღე ახსოვთ და პატივს სცემენ მას.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ეკა შველიძე მუზეუმში მისი დაარსებიდან, 1978 წლიდან, მუშაობს.
-დარჩი სახლში – კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ უალტერნატივო მოწოდებაა, – ამბობს ეკა შველიძე, – ამის მიუხედავად, მუზეუმი გამოკეტილი მაინც არ იყო. ნინო დიდიძე და ეთერ ვეფხვაძე მიდიოდნენ და მზრუნველობდნენ თითოეულ ექსპონატზე, საგამოფენო დარბაზებს ანიავებდნენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს წელი ძალების მოკრების წლად ჩავთვალოთ და მომავალში ჩვენს საზოგადოებას მეტი ინოვაციური პროექტი უნდა შევთავაზოთ. ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები ყოველთვის ვახერხებთ, რომ ძველი ექსპოზიციები დამთვალიერებლებს თანამედროვედ და საინტერესოდ წარვუდგონოთ.
1977 წლიდან, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისი მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღედ დაწესდა.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: მუზუმების საერთაშორისო დღეს ხარაგაულში, 2018 წ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი