დღევანდელ პანდემიაზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ, რომ კორონავირუსმა დედამიწა დაასვენა.

გულისხმობენ, რომ სამრეწველო ნარჩენების გამოყოფა შემცირდა, ჰაერი გაიწმინდა, ავტოტრანსპორტისგან გადატვირთული ქუჩები განიტვირთა და გამონაბოლქვისგან გათავისუფლდა, სამყარო უფრო მშვიდი და ნაკლებად ხმაურიანი გახდა.

საინტერესოა, როგორი გავლენა იქონია პანდემიამ ხარაგაულელებზე. რამდენად შეიცვალა მათი მხრიდან პანდემიის პირობებში ენერგორესურსების მოხმარების ოდენობა.

ხარაგაულელი თამარ სხილაძის სტუდენტი შვილები – ნინო და მარიამი – პანდემიის პერიოდში მშობლების ოჯახში დაბრუნდნენ. მათსავით ბევრმა ადამიანმა მოაშურა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, რის გამოც მათ ოჯახებში, გასულ თვეებთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა.

– პანდემიის დაწყებამდე, დღის განმავლობაში, შესაძლოა, სწრაფი კვების ობიექტში წაგვეხემსა, – ამბობს თამარ სხილაძე, – საყოველთაო კარანტინის პერიოდში სახლში მყოფები კი ყოველ ჯერზე საჭმლის მოსამზადებლად ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას ვიყენებთ. ბევრად ხშირად ვსარგებლობთ ოჯახში სისუფთავის დასაცავად საჭირო ელექტრომოწყობილობებით. სურვილი ყოველთვის გვაქვს, რომ ენერგორესურსი დავზოგოთ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი დღეების გატარება სახლში გვიწევს, ეს ნაკლებად გამოგვდის.

თამარ სხილაძე ამბობს, რომ ელექტროენერგიის დაზოგვას მისი ოჯახი ვერ ახერხებს: „გასათბობად ბუნებრივ აირს ვიყენებთ. ამის მიუხედავად, ელექტროენერგიის ხარჯიც დიდია. პანდემიამდე თვეში დაახლოებით 200-250 კვტ დენს ვხარჯავდით. ახლა კი ეს მაჩვენებელი ბევრად გაიზარდა“.

კარანტინის პირობებში ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებაზე საუბრობს ბაზალეთელი ვანო ჭიპაშვილი. იზოლაციის გამო, მას და მისი ოჯახის წევრებს სახლიდან უწევთ მუშაობა და სასწავლო პროცესში ჩართვა.

– მთელი დღეები სახლში ვიყავით და ბუნებრივია, მეტ ელექტროენერგიას მოვიხმარდით. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოველდღე სამი კომპიუტერია ჩართული. ჩემი უმცროსი შვილი ნიკუშა მოსწავლეა და ონლაინ გაკვეთილები აქვს. სტუდენტი მარიამი ონლაინ ლექციებს ისმენს. მე და ჩემი მეუღლე კი ასევე დისტანციურად, ინტერნეტის დახმარებით ვმუშაობთ და რაღა თქმა უნდა, მეტი ელექტროენერგია გვჭირდება, – ამბობს ვანო ჭიპაშვილი.

მისი თქმით, მისი ოჯახი პანდემიამდეც ყოველთვის ცდილობდა ელექტროენერგიის დაზოგვას. ბოლო პერიოდში ეკონომნათურები შეიძინეს და სახლში დაამონტაჟეს. გამონაკლისების გარდა, არასდროს რთავენ ეზოს განათებას. თუმცა თუ პანდემიამდე ოჯახის მიერ გახარჯული ელექტროენერგია 150 კვტ-ს არ სცდებოდა, კარანტინის პერიოდში 180 კვტ-ს გადააჭარბა.

პანდემიის პირობებში ხარაგაულელებისგან ენერგორესურსების გამოყენების თემით დაინტერესდა ხარაგაულის გიმნაზიის ეკოკლუბი „ხერგილი“. ეკოკლუბის წევრებმა ამ საკითხზე ონლაინ-კითხვარით 117 რესპონდენტი გამოკითხეს. რესპონდენტთა ეს რაოდენობა სრული სურათის წარმოსადგენად, ბუნებრივია, საკმარისი არ არის. თუმცა საინტერესო ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა.

გიმნაზიის ეკოკლუბის „ხერგილი“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კარანტინამდელ პერიოდთან შედარებით, რესპონდენტთა 48.3%-სთვის ელექტროენერგის მოხმარება მცირედით გაიზარდა; 26.7%-სთვის – საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო 25% მიიჩნევს, რომ საერთოდ არ გაზრდილა.

დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა წყლის მოხმარებასთან დაკავშირებით – 47.5%-ისთვის  კარანტინის დაწყების შემდეგ წყლის მოხმარება მცირედით გაიზარდა; რესპონდენტთა 20.7% ამბობს, რომ – ბევრად უფრო მეტად, გამოკითხულთა 33.6% კი ამბობს, რომ იმავე რაოდენობის წყალს მოიხმარს.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ ცენტრალური ფილიალიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში იმერეთის 10 მუნიციპალიტეტში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა დაახლოებით 73 მილიონ 682 ათასი კილოვატ/საათი იყო, მარტში – დაახლოებით 68 მილიონი კილოვატი (თებერვლის თვესთან შედარებით 7,65 %-ით ნაკლები), ხოლო აპრილში – 60 მილიონი კილოვატ/საათი (თებერვლის თვესთან შედარებით – 18,55%-ით, ხოლო მარტთან შედარებით – 11,85 %-ით ნაკლები).

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ ცენტრალური ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თეონა გეგუჩაძის თქმით, მიმდინარე პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. ამ მიზეზის ახსნა კი რომელიმე ერთი ფაქტორით არ არის მიზანშეწონილი. მაგალითად, თუ Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული საქმიანობის შეჩერების გამო ელექტროენერგიის მოხმარებამ სამეწარმეო სექტორში იკლო, ის საყოფაცხოვრებო სექტორში გაიზარდა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი დროს, ძირითადად, სახლში ატარებდა. ასევე, ამ სხვაობის მნიშვნელოვანი ფაქტორია სეზონის ცვლილებაც, როდესაც უფრო თბილი ამინდების გამო ელექტროენერგიის გათბობისთვის მოხმარებამაც იკლო.

საინტერესოა, როგორია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი ხარაგაულია მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის ხარჯვასთან დაკავშირებით.

ხარაგაულში სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიას 12 ათასამდე აბონენტს აწვდის. 2020 წლის თებერვალში სულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 3 544 500 კვტ/სთ ელექტროენერგია დახარჯა; მარტში – 4 030 990 კვტ/სთ, აპრილში – 3 431 948 კვტ/სთ.

მარტის მონაცემი 13.73%-ით მეტია თებერვლის მონაცემზე. აპრილის მონაცემი კი 3.18%-ით ნაკლებია თებერვალზე და  14.86%-ით მარტზე.

აღნიშნული ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ასე გამოიყურება: