თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით (უფროსი ირინე ჩხეიძე) მიმდინარეობს პროექტი „ზაფხულის საღამოები.“

„ამ ხნის განმავლობაში მრავალი საინტერესო ღონისძიება განხორციელდა, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – მოეწყო კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, პატარებისთვის მოეწყო მულტფილმების ჩვენება, ჩატარდა სამაგიდო ჩემპიონატები და კარაოკეს კონცერტი ღია ესტრადაზე. პროექტში ჩაერთო ცენტრალური ბიბლიოთეკა ღონისძიებით „ბიბლიოთეკის ღამე.“ ისტორიულ მუზეუმში ვაჩვენეთ ფილმი „გრძელი ნათელი დღეები.“ პროექტის ფარგლებში კულტურის ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა სპექტაკლები გამართა ბაზალეთში, ვარძიაში, საღანძილეში, ღორეშასა და ლაშეში. სპექტაკლებს სხვა სოფლებშიც გავმართავთ.“

დღეს, 15 აგვისტოს, ზვარეში ღია ცის ქვეშ ფილმის ჩვენება გაიმართება. ორშაბათს, 18 აგვისტოს ღია ესტრადაზე ჩატარდება კონცერტი როგორც ხარაგაულელი, ასევე სტუმრად მყოფი ახალგაზრდების მონაწილეობით. პროექტი გრძელდება და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს.