ბათუმის საერთაშორისო სახელოვნებო ფილმის ფესტივალი (BIAFF) მოკლემეტრაჟიანი ფილმების ახალ კონკურსს აცხადებს. კონკურსის სახელწოდება covideo იქნება და მასში ჩართვა იზოლაციაში მყოფ დამწყებებს, პროფესიონალ რეჟისორებსა და კინოგადაღებით დაინტერესებულ მოყვარულებს შეეძლებათ.

„კორონავირუსის პანდემიდან გამოწვეულმა იზოლაციამ ცვლილებები შეიტანა ყოფიერებაში და მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი გეგმები, თუმცა ყოველივე ამას აქვს ნათელი მხარეც – ეს პერიოდი, საკმაოდ საინტერესო შეიძლება იყოს მხატვრული ინსპირაციისთვის“ – აღნიშნულია BIAFF-ის განცხადებაში.

გიზიარებთ იმ მოთხოვნების ჩამონათვალს, რომელთა შესრულებაც კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაგჭირდებათ.

ფილმის თემატიკა – იზოლაციის პირობებში დანახული სამყარო, რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს გადმოცემული – კინოესეები ადაპტაციის ფორმებზე და გზებზე არსებულ რეალობაში, „ეპისტოლარული კინოს“ მეთოდების ძიება (ვიზუალური რებუსები), სხვადასხვა გარემოში გადაღებული უცნაური რეპორტაჟები.

  • ფილმის გადაღების პერიოდი – სასურველია 2020 წლის მარტი – ივნისი;
  • ქრონომეტრაჟი – 1 წთ.-იდან  5  წუთამდე;
  • ფორმატი – HD ხარისხი

კონკურსზე ფილმების წარდგენა 2020 წლის 1 აგვისტომდე შეგეძლებათ.

ფილმების წარდგენისთვის აპლიკაციის ფორმას ამ ბმულზე შეავსებთ.

საკონტატო ინფორმაცია – submission@biaff.org

BIAFF-ის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი 2020 წელს ბათუმში გაიმართება და 13 სექტემბრიდან 20 სექტებრმადე გაგრძელდება.

ფესტივალის მენეჯმენტი შეარჩევს 20 მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელიც წარმოდგენილი იქნება BIAFF 2020-ის სპეციალურ საკონკურსო სექციაში -„COVIDEO“.

ფილმებს ჟიური რამდენიმე ნომინაციაში შეაფასებს: 1. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი 2. საუკეთესო ორიგინალური იდეა/სცენარი. 3. აუდიტორიის/მაყურებლის პრიზი – გამოვლინდება ხმის მიცემის საშუალებით.   ფილმები განთავსდება ონლაინ სივრცეში – კინოფესტივალის youtube/Facebook არხებზე და მაყურებლებს საშუალება ექნებათ ხმა მისცენ ე.წ. „ლაიქის“ მეშვეობით.

გამარჯვებული ფილმების ავტორებს BIAFF-ის   2021  წლის კინოფესტივალზე დასწრების ვაუჩერი გადაეცემათ, რაც ფილმებსა და მასტერკლასებზე აკრედიტაციას, სასტუმროში განთავსებას და დახურვის ცერემონიაზე დასწრებას ითვალისწინებს.