საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის დასახმარებლად ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

ამ გეგმის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ.

როგორც პროგრამიდან ირკვევა, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერები, რომლებსაც დარეგისტრირებული აქვთ თავიანთი მიწები, 1 ჰექტარზე 200 ლარით მხარდაჭერას მიიღებენ.

სახელმწიფო ფერმერებს საწვავითაც დაეხმარება და ერთ ჰექტარზე ყველა ფერმერი მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი იქნება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000 ლარია და მისი განხორციელება 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყება.

საინტერესოა, რეალურად, რა საჭიროებების წინაშე დგანან სოფლად მცხოვრები ფერმერები და რამდენად შეძლებენ ისინი სოფლის მეურნეობის დასახმარებლად მთავრობისგან ინიცირებულ პროექტში ჩართვას.

სოფელ ბორითში მცხოვრები თემურ გამცემლიძე ორ ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობს. აქვს საკმაოდ დიდი საფუტკრე მეურნეობა. ის ამბობს, რომ უფრო მეტად ინვენტარი – სკებისთვის ჩარჩოები და მცენარეებისთვის შხამ-ქიმიკატები ესაჭიროება.

თემურ გამცემლიძე მიიჩნევს, რომ 200 ლარი არასაკმარისია ერთ ჰა მიწის დამუშავებისა და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად. საწვავი კი მას საერთოდ არ სჭირდება და ფულადი დახმარების მიღება ერჩია. თუმცა, ხელისუფლების მხრიდან სოფლის მეურნეობის კუთხით სუბსიდირებას მთლად უშედეგოდ არ თვლის.

კოოპერტივ „მეღვინეობა კიცხის“ დამფუძნებელი ჰამლეტ ბერაძე ამბობს, რომ სოფლად მცხოვრები გლეხისთვის თითოეულ თეთრს დიდი მნიშვნელობა აქვს. დიზელის საწვავიც საჭიროა და 200 ლარით ვენახისთვის შხამ-ქიმიკატსაც შეიძენს. ჰამლეტ ბერაძე უფრო მსხვილი კოოპერატივების გაძლიერებისთვის განკუთვნილ საგრანტო კონკურსში ჩასართავად ემზადება.

ვარძიაში მცხოვრები კობა გოგსაძე ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძალიან ცოტა მოიძებნება ისეთი ფერმერი, რომელსაც ერთი ჰექტარი და მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აქვს. მისთვის ასეთი დიფერენცირება მიუღებელია.

თავად კობა გოგსაძე 3 ჰა მიწას ფლობს. ამბობს, რომ 200 ლარი მისთვის არაფერს წყვეტს. მისი აზრით, ეს თანხა უფრო მნიშვნელოვანი იქნება იმ ფერმერებისთვის, რომლებიც 0, 20 ჰა მიწას ამუშავებენ. 200 ლარად ისინი მიწასაც დახნავენ, საჭირო სასუქსაც შეიძენენ და კარგი მოსავლის მიღების იმედიც გაუჩნდებათ. ვარძიამდე მარტო სასუქის ტრანსპორტირებისთვის 200 ლარია საჭირო. „უნდა თქვან, რომ 200 ლარით დამეხმარენ. ამ დროს მე ეს თანხა არაფერს მიწყვეტს“, – ამბობს კობა გოგსაძე.

მარწყვისა და ჟოლოს მოსავალს ჰყიდის ყოველწლიურად ვაშლევში მცხოვრები დავით წიქარიშვილის ოჯახი. მას ყველაზე მეტად შხამ-ქიმიკატები, სასუქი და სოფლის მეურნეობის ხელსაწყოები ესჭიროება. მიწა, სადაც მარწყვი და ჟოლო მოჰყავს, ერთ ჰა-ზე ნაკლებია. ამიტომ 200 ლარიანი დახმარების მოლოდინი არ აქვს, თუმცა მთავრობისგან სოფლის მეურნეობის დახმარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს.

ნინო კაპანაძე