ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მთავრობის მიერ მიღებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას ეხმიანება.

ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, სამართლიანად გადაანაწილოს მხარდაჭერისთვის გამოყოფილი რესურსები ფერმერთა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

„პოზიტიურია, რომ სახელმწიფო არსებული კრიზისის პირობებში ფერმერებს მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში არაერთი მიმართულებით. თუმცა, ეს გეგმა არსებითი დახმარების მიღმა ტოვებს იმ ფერმერებს და სამეურნეო საქმიანობაში ჩართული პირებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყველაზე უფრო ნაკლებად იყვნენ მხარდაჭერილი სახელმწიფოსგან“, – აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით ფერმერები, რომელთაც დარეგისტრირებული აქვთ მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებენ სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით დახმარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მსხვილი და საშუალო საფერმერო მეურნეობები მხარდაჭერას მათი მიწის ოდენობის პირდაპირპროპორციულად მიიღებენ.

ასევე, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ის ფერმერები, რომელთაც მიწა არ აქვთ რეგისტრირებული, ასევე მიიღებენ დახმარებას, თუკი წლის ბოლომდე შეძლებენ მიწაზე ქონების რეგისტრაციას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში ამბობენ, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდში დაწყებული პრივატიზაციის პროცესის შედეგად მიწის რესურსები, მეტწილად, მმართველი აპარატის ყოფილმა ჩინოვნიკებმა და საბჭოთა ინტელიგენციამ ჩაიგდო ხელში.

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მიწის მხოლოდ 45%-ია რეგისტრირებული. ხშირად, მოსახლეობის წუხილი სწორედ იმას უკავშირდება, რომ მათ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება და საკარმიდამო მიწები არ არის მათ ოფიციალურ საკუთრებაში. 2016 წელს დაწყებული მიწის რეფორმის ფარგლებში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. დარეგისტრირებისთვის საჭირო პროცედურების გავლას ხშირად დიდი დრო და რესურსები სჭირდება.

სოფლებში მცხოვრები გლეხების დიდი ნაწილი, კონკურენციის გაწევის შესაძლებლობის არქონის პირობებში, ე.წ. არენდით ქირაობს იმ მიწებს, რომლებსაც წლების განმავლობაში თვითონ ამუშავებდნენ. EMC ცენტრის  მარნეულისა და ბოლნისის სოფლებში მუშაობის შედეგები აჩვენებს, რომ ადგილობრივ გლეხებს სეზონურად საშუალოდ 600 ლარი უჯდებათ ერთი ჰექტარი მიწის ფართობის იჯარით აღება და დამუშავება, რომელსაც თან ახლავს სარწყავ წყალზე ხელმიუწვდომლობის სერიოზული პრობლემები, რომელიც, როგორც წესი, მათ ხელში აღმოჩნდება ხოლმე, ვინც უფრო დაახლოებულია ბიუროკრატიასთან.

ამ პირობებში, ადგილობრივი გლეხების დიდი ნაწილს მხოლოდ საკარმიდამო მიწები აქვთ სოფლებში და ყოველდღიური შემოსავლის მისაღებად უფრო მსხვილ და საშუალო ფერმერებთან დაქირავებულ იაფ მუშახელად არის ჩართული და ძალიან მძიმე შრომას წევენ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში ფიქრობენ, რომ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საირიგაციო საფასურისგან გათავისუფლებული და სარწყავი სისტემებისთვის გრანტის მიმღები პირებიც უმეტესწილად ამ რესურსების მქონე მსხვილი და საშუალო ფერმერები იქნებიან და ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფებს, ვისაც სახელმწიფოს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ, შესაძლოა პროგრამის მიღმა ტოვებდეს. ცხადია, რომ რომელიც მეტწილად უფრო გავლენიან და საშუალო ფერმერებზეა ორიენტირებული და ვერ ხედავს იმ რეალურ საჭიროებებს, რომელიც გლეხების უფრო დიდ და ნაკლებად დაცულ ნაწილს აქვს, პრობლემურია და განაწილების უსამართლო პრინციპებზე და ლოგიკაზე დგას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ

  • სამართლიანად გადაანაწილოს გამოყოფილი რესურსები და დამატებითი ძალისხმევა და რესურსები მიმართოს სასოფლო საქმიანობაში ჩართულ იმ პირებზე, რომლებიც ამ მხარდაჭერას ყველაზე მეტად საჭიროებენ, მიწის რესურსების რეალურად საკუთრებაში არქონის, სარწყავ წყალზე და სისტემებზე ხელმიუწვდომლობის გამო;
  • მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების გახანგრძლივებასთან ერთად გაითვალისწინოს საბანკო ვალდებულებებსა და სოციალურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული წუხილები, რომლებიც მიწის რეფორმას აფერხებს.
  • ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეიმუშავოს სოციალური დახმარების პაკეტი სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც მიწის რეგისტრაციას ვერ შეძლებს და მათ შორის, დაქირავებულ მუშახელად მუშაობს საშუალო და დიდ ფერმებში.