ღალიანობის დაწყებამდე საფუტკრეში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ მეფუტკრე ლაშა გურგენიძის რჩევებს გთავაზობთ:

-საკმაოდ თბილი ზამთრის შემდეგ ფუტკრის მდგომარეობა სკაში, წინა წლებთან შედარებით, უკეთესია. ახლა უნდა მივაქციოთ ყურადღება ისეთ დაავადებებს, რომლებიც თავს წვიმებისა და ნესტიანობის გამო იჩენს. ნესტი ხელს უწყობს სოკოვან დაავადება ასკოსფეროზს.

ასკოსფეროზის მკურნალობა ხალხური წესით – ნიორითაც შეიძლება. რამდენი კბილი ნიორი დაჭყლიტეთ და სკაში ჩარჩოს თავზე მოათავსეთ. ასკოსფეროზი ოჯახს საკმაოდ ასუსტებს და ეს ფაქტი დაკვირვებულ მეფუტკრეს არ გამორჩება. ახალბედა მეფუტკრეებს ვურჩევ, რომ ყურადღებით დააკვირდნენ საფრენის წინ მიწას – თუ სკაში სოკოვანი დაავადებაა, სკიდან გადმოყრილი ჩაკირული, გაფუჭებული სიმინდის მარცვლის მსგვასი, ბარტყები იქნებიან.

ასკოსფეროზის საწინააღმდეგოდ კარგი პრეპარატია ასკოვარი.

ასკოსფეროზის გაქრობას ხელს შეუწყობს აკაციის აყვავება – თაფლი ჩარჩოს დაზიანებული უჯრებისთვის საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა.

რამდენიმე საფუტკრეში შევნიშნე დაავადება, რომელიც ამერიკული სიდამპლის სახელით არის ცნობილი. ეს საკმაოდ ვერაგი ავადმყოფობაა და მისი პროფილაქტიკისთვის საჭიროა ანტიბიოტიკი ნორსულფაზოლი, რომელიც ფუტკარს აკაციის აყვავებამდე უნდა მიეცეს. თუ სკაში ეს დაავადება გაძლიერდა, დამატებითი რჩევებისთვის პირადად უნდა მომმართონ.

თუ მეფუტკრე მკურნალობას სწორად წარმართავს, თაფლის კარგი მოსავალი გარანტირებულია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ლაშა გურგენიძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 593 76 97 00