

29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ბულგარეთის ქალაქ ნესებრში გაიმართა ხელოვნებისა და ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „შავი ზღვის მარგალიტი.“ ფესტივალში მონაწილეობდა ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „უბისი.“
კულტურის ცენტრის დირექტორის, ვასილ კიკნაძის ინფორმაციით, ფესტივალი ბულგარეთის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის, ბალკანეთის ფოლკლორის ალიანსისა და ბულგარეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროების ორგანიზებით გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები სერბეთიდან, მოლდავეთიდან, რუსეთიდან, ბულგარეთიდან, ბელორუსიიდან, მაკედონიიდან და უკრაინიდან.
„ერთი საფესტივალო და ორი საჩვენებელი გამოსვლა გვქონდა – გვიამბობს ვასილ კიკნაძე, – შევასრულეთ „თამარ ქალო,“ „იმერული ცხენოსნური“ და „მრავალჟამიერი.“ გრან-პრისთან ერთად დაგვაჯილდოვეს სიგელით „ორიგინალური შესრულებისთვის.“ დიდი მადლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ დააფინანსა ფესტივალში ჩვენი მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ზაქარია ბერაძეს, ანსამბლის ხელმძღვანელს, – უდიდესია მისი ღვაწლი და დამსახურება ანსამბლის ამ წარმატებაში.“
ნიკო დეკანოსიძე, ანსამბლ „უბისის“ წევრი: -მდიდარი შთაბეჭდილებით დავბრუნდი ბულგარეთიდან. ფესტივალი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, – ისე, როგორც შუაგულ ევროპას ეკადრება. პირველი კონცერტის შემდეგ გვცნობდნენ ქუჩაში. გამორჩეულად გვესალმებოდნენ და გვეუბნებოდნენ, არ ვართ საქართველოში ნამყოფები, მაგრამ უკვე ვიცით, როგორები ხართო. ამას 20-25 წლის ახალგაზრდები გამოხატავდნენ. მიხარია, რომ ხარაგაულელთა იმედები გავამართლეთ. ყელში ბურთი მომებჯინა, როდესაც გამოაცხადეს, რომ გრან-პრის მფლობელები გავხდით. მადლობა ყველა ხარაგაულელს, რომლებიც ჩვენს ამბავს კითხულობდნენ და გაიხარეს ჩვენი წარმატებით.
გიორგი მაქაძე, ანსამბლ „უბისის“ წევრი: -საკმაოდ სერიოზული ფესტივალი იყო. ყველა მონაწილე ქვეყანა საკუთარ ფოლკლორს წარმოადგენდა. გამგზავრებამდე ინტენსიური რეპეტიციები გვქონდა. ჩვენი მიზანი – უმაღლესი ჯილდოს მიღება – შევასრულეთ. ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდება, რომ სხვა საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობასაც შევძლებთ.
გიორგი მუხურაძე, ანსამბლ „უბისის“ წევრი: -მოხარული ვარ, რომ ბულგარეთში ხარაგაულის ფოლკლორული ანსამბლის გამოსვლა ამჯერად ძალიან წარმატებული გამოდგა. შარშანაც ვიმყოფებოდი აღნიშნულ ფესტივალზე ანსამბლ „კახორთან“ ერთად. მაშინ ჩვენ ვერ მოვახერხეთ მთავარი საპრიზო ადგილის – გრან-პრის აღება. წარმატება, რომელიც ჩვენ გვხვდა წილად, არ იყო მარტივად მოსაპოვებელი. ფესტივალზე გამგზავრების წინ ანსამბლის ხელმძღვანელობას გავუზიარე ჩემი შარშანდელი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ მათ რაციონალურად დაგეგმეს როგორც რეპერტუარი, ასევე ანსამბლის თითოეული გამოსვლა, მკაფიოდ გამოკვეთეს ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც პირდაპირ უნდა ემოქმედა ჟიურის გადაწყვეტილებაზე. ანსამბლმა „უბისი“ ფესტივალის მიმდინარეობისას დიდი ყურადღება დაიმსახურა. შევიძინეთ ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი. ჩვენი ანსამბლით რამდენიმე ცნობილი ადამიანი დაინტერესდა. სოფია სტოიჩევა, ცნობილი და წარმატებული ტელეჟურნალისტი და კინემატოგრაფი, სამი დღის განმავლობაში იღებდა ჩვენს თითოეულ ნაბიჯს. წამოსვლის წინ მან გვითხრა, რომ გაისად ქალაქ სოფიაში გაიმართება გრანდიოზული საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი, სადაც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 15 ქვეყანა და ანსამბლი „უბისი“ იქნება მისი ფავორიტი ამ ფესტივალზე. ორი დღის წინ მისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ამზადებს მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს ანსამბლ „უბისის“ მონაწილეობით. მიხარია, რომ ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „უბისი“ ხარაგაულის დიდი ფოლკლორული ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელია.
მადლობა ანსამბლის ხელმძღვანელს, ყველასათვის საყვარელ ადამიანს ბ-ნ ზაქარია ბერაძეს, ვასილ კიკნაძეს, რომელიც ანსამბლს ხელმძღვანელობდა ბულგარეთში და ანსამბლის თითოეულ წევრს, ჩვენს გულშემატკივრებს.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,