
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი უდიდესი დაცული ტერიტორიაა ევროპაში. მისი ფართობი 104,933 ჰექტარს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1,5%-ზე მეტია.
დაცულ ტერიტორიას ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ადმინისტრაციის თქმით, ბოლო წლებში უცხოელი ვიზიტორები განსაკუთრებით ხშირად გერმანიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და ჩეხეთიდან ჩამოდიან.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლის გაზაფხულის სეზონზე პარკს 8809 ვიზიტორი სტუმრობდა, ხოლო 2019 წლის გაზაფხულზე დაცულ ტერიტორიაზე 9538 ვიზიტორი იმყოფებოდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 9 357 964 შეადგინა, ხოლო 2020 წლის ორი თვის მონაცემით ეს რიცხვი 1 099 610-მდე შემცირდა.
2020 წელი, ისე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვისაც სხვა რეალობით დაიწყო. 2020 წლის 12 მარტიდან ვიზიტორთა ცენტრები დაკეტილია. როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მონახულება 12 მარტის ჩათვლის მხოლოდ 326 ვიზიტორმა შეძლო.
– როგორც კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაიკეტა, – ამბობს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი ლევან საბანაძე, – შესაბამისად, ძალიან მცირეა 2020 წლის გაზაფხულზე დაცულ ტერიტორიაზე დამთვალიერებელთა რაოდენობა. 2018-2019 წლებში ეროვნული პარკის ვიზიტორების 60% ქართველები წარმოადგენდნენ, ხოლო 40% კი უცხოელები“.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მულაძის, თქმით, მათთან უამრავი შეტყობინება და წერილი მოდის, როგორც ქართველი ასევე უცხოელი მნახველებისგან. ერთგული ვიზიტორები სინანულს გამოთქვამენ შექმნილი მდგომარეობის გამო და ფიქრობენ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ აუცილებლად ეწვევიან ეროვნულ პარკს.
ვიზიტორების გარეშეა დარჩენილი მარელისში სასტუმრო, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა. სასტუმროს ხელმძღვანელის, გიორგი მაღრაძის, თქმით, წელს მარელისში სასტუმროს არც ერთი ვიზიტორი არ წვევია.
– მარელისის სასტუმრო 2004 წლიდან ფუნქციონირებს, – ამბობს ბატონი გიორგი, – 2008 წლამდე, სანამ ომი დაიწყებოდა, ძალიან ბევრი ტურისტი გვყავდა. მერე კი ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ამ პანდემიის პერიოდში საერთოდ არავინ ყოფილა, თან ხიდებიც არ იყო გაკეთებული და ტურისტები ბორჯომიდან ვერ გადმოდიოდნენ.
ჩვენი სასტუმრო რვაკაციანია და მუდმივი მომხმარებლებიც ჰყავს. მარელისის სასტუმრო განსაკუთრებით პოპულარულია გერმანელებს შორის, რომლებიც ეროვნულ პარკს, ძირითადად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე სტუმრობენ.
გია მაღრაძე ამბობს, რომ ხარაგაულის მხრიდან ტურისტების მოზიდვას ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც შეუწყობს ხელს.
ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრის მომსახურების სპეციალისტის, გიორგი მუხურაძის თქმით, წელს მარელისის ტერიტორიაზე გრანდიოზული ტურისტული სეზონის გახსნა იგეგმებოდა. თუმცა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ყველაფრის გაუქმება მოუწიათ.
– ამ ღონისძიებით ევროპის მასშტაბით გაიზრდებოდა ხარაგაულის მხარის ცნობადობა, მაგრამ ვირუსისა და პანდემიის გამო, სამწუხაროდ, ყველაფრის გაუქმება მოგვიწია. ქართველი ვიზიტორები მუდმივად გვიკავშირდებიან და ეროვნული პარკის ამბით ინტერესდებიან. ვნახოთ, რა იქნება 15 ივნისის შემდეგ“, – ამბობს გიორგი მუხურაძე.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის II-III ეტაპი 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის, ხოლო ივლისიდან საერთაშორისო ტურიზმის ამოქმედებას ითვალისწინებს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის, ლევან საბანაძის, ინფორმაციით, ივნისიდან ეროვნული პარკის ადმინისტრაცია პარკის ვიზიტორთა ცენტრებს გახსნის. ვიზიტორებისთვის მაქსიმალურად დაცული გარემო შეიქმნება. გავრცელდება ყველა ის რეგულაცია, რაც უსაფრთხოების მიზნით ეროვნულ დონეზე იქნება მიღებული. არ გამორიცხავენ, რომ დაცული ტერიტორიების სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებითი რეგულაციის მიღებაც გახდეს საჭირო.
მათივე თქმით, 2020 წელს დასრულდება ბორჯომისა და ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრების რეაბილიტაცია, რომელიც თანამედროვე აღჭურვილობითა და საინტერპრეტაციო-საგანმანათლებლო მასალებით ეწყობა. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის შეკეთება და განახლება. მარელისი-სახვლარის მონაკვეთზე კი ხიდების რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება. გარდა ამისა, იგეგმება ეროვნული პარკის შეთავაზებების მეტი პოპულარიზაცია, რათა შეჩერებული ტურიზმი გაცოცხლდეს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ 2020 წელი ნამდვილად გამოწვევაა მსოფლიო ტურიზმისათვის. პანდემია ტურიზმის ინდუსტრიასშეცვლის და რა თქმა უნდა, რთული გზა ელით ნორმალურ რიტმში დასაბრუნებლად.
თამარ ჩხიკვაძე
გასულ კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის