

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების განხორციელებისას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობამ გადაწყვეტილება შეცვალა ან საჭირო გახდა ტენდერით დაზოგილი თანხის გამოყენებაზე ხელახალი გადაწყვეტილების მიღება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელ პროექტებში ცვლილებების შეტანის საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 11 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილა. საკითხი სხდომაზე განსახილველად გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ფხალაძემ წარადგინა.
–პატარა ხარაგაულში სასაფლაოს შემოსაღობად გამოყოფილი იყო 9 ათასი ლარი. ვინაიდან აღნიშნული თანხა საკმარისი არ არის, ამ თანხით პატარა ხარაგაულში გურამიშვილის, გრიშაშვილის ქუჩებისა და ჭავჭავაძის ქუჩის მე-3 შესახვევში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დაიგეგმა, – აღნიშნა სხდომაზე მალხაზ ფხალაძემ, – სოფელ ვახანში ინასარიძეების უბანში სარიტუალო დარბაზისთვის თუნუქის სახურავი უნდა შეეძინათ 3 250 ლარად. ვინაიდან კუსტარული ტიპის სარიტუალო დარბაზისთვის შესაფერისი ადგილი ვერ გამოინახა, მოსახლეობა ითხოვს, რომ ამ თანხით შეკეთდეს მათი საუბნო გზა.
სოფელ ნუნისში დაგეგმილი იყო სარიტუალო დარბაზის მშენებლობა 4456 ლარად, მაგრამ რადგან ვერ ხერხდება შენობის აგება, – თანხაც არასაკმარისია და ვერც შესაფერისი ტერიტორია მოიძებნა, ამიტომ მოსახლეობამ გადაწყვიტა, ამ თანხით შეიძინონ გადასაადგილებელი სარიტუალო სეფა.
სოფელ ანიულაში სარიტუალო შენობის დასასრულებლად გამოყოფილი იყო 5 298 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 4 096 ლარზე. დაზოგილი 1 202 ლარით მოსახლეობას სარიტუალო დარბაზისათვის ინვენტარის შეძენა სურს.
სოფელ მირონწმინდაში ტრაქტორის შესაძენად 13 795 ლარი იყო გამოყოფილი. ტრაქტორი შეიძინეს 9 400 ლარად. დაზოგილი თანხით მოსახლეობა მირონწმინდაში ხიდბოგირის მოწყობას ითხოვს.
ვანელებს, თანამონაწილეობით, ავტობუსი 11 629 ლარად უნდა შეეძინათ, თუმცა 1 200 ლარი დაეზოგათ და ამ თანხით მოსახლეობას სოფელ ვანში საუბნო გზის შეკეთება სურს.
ციცქიურში სარიტუალო სახლისთვის განსაზღვრული იყო 8 076 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 5 438 ლარზე. დარჩენილი 2 638 ლარი, მოსახლეობის მოთხოვნით, ციცქიურში წისქვილის მოწყობას მოხმარდება.
ბორითში წყლის ავზების შესაკეთებლად ხელშეკრულება, წინასწარ განსაზღვრული 1 800 ლარის ნაცვლად, 300 ლარზე გაფორმდა. მოსახლეობა ითხოვს, დაზოგილი 1 500 ლარი მიიმართოს ბორითის სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობაზე, რისთვისაც მანამდე გათვალისწინებული იყო 10 ათასი ლარი.
ლაშეში მოსახლეობას ბუნებრივი აირის შეყვანა 10 472 ლარად ჰქონდა გადაწყვეტილი. სოფლის პროგრამით ამ სოფლისთვის სულ გამოყოფილი იყო 13 372 ლარი. საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ გაზიფიცირების პროექტი ვერ ხორციელდება ტექნიკური მიზეზების გამო. ამიტომ, ახალი კრების ოქმის საფუძველზე, თანხა გადანაწილდა შემდეგნაირად – სოფლის ცენტრალური და შიდა საუბნო გზების შეკეთება – 10 889 ლარი; სასმელი წყლის მილების შეძენა – 1 500 ლარი, ერთტონიანი წყლის ავზის მოწყობა 283 ლარი; განათების მოწყობა 700 ლარი.
ხემაღალში ბუნებრივი აირის შესაყვანად გამოყოფილი 5 910 ლარი გადანაწილდა შემდეგნაირად – საუბნო გზების შეკეთება 3935 ლარი; სასმელი წყლის მილების შეძენა – 250 ლარი; 5 ტონიანი წყლის ავზის მოწყობა – 1 725 ლარი.
უჩამეთში ამ პროგრამით გამოყოფილი იყო 6 187 ლარი. აქედან გაზიფიცირების პროექტზე მიმართული იყო 3 187 ლარი. გაზიფიცირებისთვის განკუთვნილი თანხა გადანაწილდა შემდეგნაირად – სოფლის ცენტრალური და საუბნო გზების შეკეთება – 5 027 ლარი; სასმელი წყლის მილების შეძენა – 1 000 ლარი; საძოვრის შემოსაღობი მასალის შეძენა – 160 ლარი.
ბაზალეთში, ქროლში, ღარიხევსა და წიფში ტრაქტორის შესაძენად განსაზღვრული იყო 7 200 ლარი. თითოეული სოფლის წილი ამ პროექტში იყო 2 800 ლარი. ვინაიდან ამ ფასად ვერ მოხერხდა ტრაქტორის შესყიდვა, თანხა გადანაწილდა სხვა მიმართულებებით. კერძოდ, ბაზალეთში 1 800 ლარიდან 500 ლარი დაემატა ბაზალეთის სასაფლაოზე თავშეყრის ადგილის მოწყობას. ამ პროექტისთვის მანამდე განსაზღვრული იყო 1 000 ლარი, რაც არ იყო საკმარისი თავშეყრის ადგილის მოსაწყობად. 1 300 ლარი მიიმართა სასოფლო კლუბის შესაკეთებლად. ამ კლუბს რამდენიმე სოფელი აკეთებს ერთად.
ქროლის მოსახლეობისგან ტრაქტორის შესაძენად გამოყოფილი 1 800 ლარიდან 500 ლარი დაემატა სასაფლაოზე თავშეყრის ადგილის მოწყობას; 500 ლარად შეიძენენ წყლის მილებს, ხოლო დარჩენილი 800 ლარით – სასოფლო ტრაქტორისათვის მუხლუხებს.
ღარიხევში ტრაქტორის შესაძენად გამოყოფილი 1 800 ლარიდან 500 ლარი დაემატა სოფელ წიფში სასაფლაოზე თავშეყრის ადგილის მოწყობას. ეს სასაფლაო ორი სოფლისაა და ამიტომ თავშეყრის ადგილი ერთობლივი ძალით კეთილმოეწყობა. დარჩენილი 1 300 ლარი მოხმარდება სასოფლო კლუბის შეკეთებას. რამდენიმე სოფელი ერთიანი ძალით აკეთებს ამ სასოფლო კლუბს. ამ პროექტის განსახორციელებლად ბაზალეთიდან 1 300 ლარი მიიმართა, ხოლო წიფიდან – 1 800 ლარი.
სოფელ წიფში გაუქმდა გზების შეკეთების პროექტი და ამისთვის განსაზღვრული თანხა 1 209 ლარი მოხმარდება სასოფლო კლუბის შეკეთებას.
საკრებულოს სხდომაზე პროექტების არაკეთილსინდისიერად შემსრულებელ სამშენებლო ორგანიზაციებზე, მათგან ვადაგადაცილებებსა და საჯარიმო სანქციებზე ისაუბრეს.
მალხაზ ფხალაძემ აღნიშნა, რომ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულშია შექმნილი საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც ჩართული უნდა იყვნენ ყველა პროექტის მონიტორინგში. მისივე თქმით, ასევე კარგი იქნება, პროექტების მონიტორინგის კუთხით თუ გააქტიურდებიან საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.
„ხარაგაულში იმყოფებოდნენ სახელმწიფო კანცელარიის რეგიონული პროექტების მართვისა და კოორდინაციის სამსახურის, ასევე იმერეთის გუბერნატორის აპარატის წარმომადგენლები, – აღნიშნა სხდომაზე მალხაზ ფხალაძემ, – ისინი შერჩევით გაეცვნენ მიმდინარე პროექტებს. დაათვალიერეს ფარცხნალის, წყალაფორეთისა და ხიდრის გზები, ხიდრის საბავშვო ბაღის მშენებლობა და ძალიან უკმაყოფილო დარჩნენ იმ კუთხით, რომ მშენებლები ვერ ეტევიან ვადებში. გამგებელთან შეხვედრისას კი მათ აღნიშნეს, – ჩვენ არ ვერევით თვითმმართველობის ფუნქციებში, მაგრამ მეტი სიმკაცრით უნდა მოთხოვოთ, რომ ვადებში ჩაეტიონ. ახალი სასწავლო წელი ახლოვდება და პროექტები დროულად უნდა დასრულდეს.“
მალხაზ ფხალაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ სამომავლოდ გაიზიარებს სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილებას და დღეს არსებული 200-მდე პროექტის ნაცვლად მათ გააერთიანებს 10-15 პროექტად, მიმართულებების მიხედვით. „ყველა სხვა მუნიციპალიტეტში პროექტები მიმართულებების მიხედვითაა გაერთიანებული. 10-15 პროექტზე ცხადდება ტენდერი. ტენდერში გამარჯვებული მშენებელი ორგანიზაცია აშენებს, მაგალითად, სარიტუალო დარბაზებს, ვთქვათ, ხევიდან მოყოლებული, წყალაფორეთ-ჩალხაეთის ჩათვლით; ან მოხრეშავს გზას ყველგან, სადაც ამას მოსახლეობა გადაწყვეტს. ასეთი პროექტები სამართავად ადვილია. ურთიერთობაც რამდენიმე ორგანიზაციასთან გაქვს და და შედეგსაც ეფექტურს მივიღებთ,“ – ამბობს მალხაზ ფხალაძე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფელში 2014 წელს 195 პროექტი განხორციელდება საერთო თანხით 770 163 ლარი.
ლაურა გოგოლაძე
ფოტოზე: სოფელ ხიდარში მშენებარე საბავშვო ბაღი
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“