

დაბინძურებული გარემო საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის – ეს ყველამ ვიცით, მაგრამ არ ვიცით, რა მოვუხერხოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. გვინდა თუ არა, თითოეული ჩვენგანი „ნაგავმწარმოებელია.“ ვამზადებთ სადილს, ვყიდულობთ ახალ ტანსაცმელს, ვიღებთ ბილეთს, ვცვლით საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ჩვენდაუნებურად ვქმნით არასაჭირო პროდუქციისგან საყოფაცხოვრებო ნარჩენს.
„საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისთვის (რეციკლირება) საჭიროა კარგად აწყობილი ნარჩენების დახარისხების პროცესი, – აღნიშნა ა/ო „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ სოფელ ფარცხნალში მოსახლეობასთან შეხვედრაზე, – ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ნარჩენების შემცირებას. საქართველოში ყოველწლიურად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენიდან გადამუშავდება მხოლოდ 3პროცენტი, დანარჩენი ხვდება ოფიციალურ თუ სტიქიურ ნაგავსაყრელზე ან იყრება ბუნებაში.“
ნინო ჩხობაძის განმარტებით, ნარჩენების სწორი მართვის შემთხვევაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც იაფი რესურსი სხვადასხვა პროდუქციის მისაღებად. მისივე თქმით, მთავარია, მოსახლეობამ გააცნობიეროს საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების მნიშვნელობა. „კომპოსტირების მეთოდით – ორგანული ნარჩენების დაშლით – მიიღება საუკეთესო ორგანული სასუქი, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – ამის გაკეთება კი ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია საკუთარ ეზოსა და ბაღში.“
ნინო ჩხობაძის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საქართველომ ექვს წელიწადში გამართოს ნარჩენების მართვის სისტემა. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, 2020 წელს არც ერთი ნაგავსაყრელი არ უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
„ამისთვის საჭიროა, პირველ რიგში, კანონმდებლობის მოწესრიგება, ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული სამსახურის ჩამოყალიბება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაფინანსება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის უზრუნველსაყოფად,“ – ამბობს ნინო ჩხობაძე. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობიდან მინიმალური თანხა მაინც შეგროვდეს მომსახურებისთვის.
„პოლიტიკური ნება ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – გარემოს დაცვის ახალი მინისტრი დაგვპირდა, რომ უახლოეს ხანში მიიღებენ კანონს, რომლითაც განსაზღვრული იქნება მეწარმის პასუხისმგებლობა – პლასტმასის ბოთლების მწარმოებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ბოთლი არ მოხვდეს გარემოში.“
ფარცხნალში შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე და მისი მოადგილე მანანა ბარბაქაძე ესწრებოდნენ.
ინგა მაღრაძის თქმით, ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ნარჩენების მართვის საკითხში. „სამწუხაროდ, ყველა სოფელში არ გვაქვს ნაგვის ბუნკერები, – აღნიშნა ინგა მაღრაძემ, – ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რომ უკეთესი მომსახურება გავწიოთ. იმედია, ნაგავმზიდი მანქანა, რომელსაც მალე შეიძენს მუნიციპალიტეტი, გააუმჯობესებს ნარჩენების გატანის პროცესს.“
„თუ თითოეული ჩვენგანი არ გავითავისებთ პრობლემას და არ გავხდებით პასუხისმგებელნი გარემოში გადაგდებული სულ პატარა ქაღალდის ნაგლეჯის მიმართ, დავრჩებით დანაგვიანებული ქვეყნის ამარა და ეს ნამდვილად არ იქნება საამაყო,“ – დასძინა შეხვედრის ბოლოს ნინო ჩხობაძემ.
ა/ო „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენლებმა მოუწოდეს მოსახლეობას, რომ ჩაერთონ აქციაში „დავასუფთაოთ საქართველო,“ რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 20-22 სექტემბერს გაიმართება.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,